ახალი ამბები

პოლიტიკური რეკლამის ფასები „რუსთავი 2“–სა და „იმედზე“ გაიზარდა

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ორმა მთავარმა ნაციონალურმა მაუწყებელმა, „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“, მნიშვნელოვნად გაზარდა პოლიტიკური რეკლამის ფასები.

მომდევნო კვირას ერთწუთიანი პოლიტიკური რეკლამა „რუსთავი 2“–ზე შაბათ–კვირის დილის საათებში მინიმალური 1 975 ლარი ეღირება, ხოლო ხუთშაბათს გადაცემაში „პროფილი“  – 22 222 ლარი; „რუსთავი 2“–ზე ყველაზე ძვირადღირებული რეკლამა ასევე უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშების დროს გავა, როდესაც ერთწუთიანი რეკლამის ფასი 17 284 ლარი იქნება; იგივე ტარიფი იქნება „რუსთავი 2“–ის კომედიურ სერიალში; საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი 9 საათზე“ ერთწუთიანი რეკლამის ფასი 16 296 ლარი იქნება. „რუსთავი 2“–ზე ერთწუთიანი რეკლამის ფასები ერთი თვის წინ 660 ლარიდან 6 250 ლარამდე მერყეობდა.

მომავალ კვირას ერთწუთიანი პოლიტიკური რეკლამა ტელეკომპანია „იმედზე“ შაბათ–კვირის დილის საათებში მინიმალური 2 469 ლარი ეღირება, ხოლო სამშაბათს გადაცემაში „ნანუკას შოუ“ და შაბათ–კვირას კომედიურ სერიალში „შუა ქალაქში“ –  22 222 ლარი. ერთწუთიანი პოლიტიკური რეკლამა „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გადაცემაში საღამოს 8 საათზე 16 296 ლარი ეღირება. ერთი თვის წინ „იმედზე“ ერთწუთიანი რეკლამის ფასები 990 ლარიდან 4 940 ლარამდე მერყეობდა. 

ტარიფები თითქმის განახევრდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ერთწუთიანი პოლიტიკური რეკლამის მინიმალური ფასი 1 575 ლარამდე შემცირდა, ხოლო რეკლამის ყველაზე ძვირი ფასი 3 150 ლარია.

აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ტელეკომპანია „კავკასიამ“ ოდნავ გაზარდა რეკლამის ფასები და ახლა მისი ღირებულება 300 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს წუთში.

ტელეკომპანია „მაესტრომაც“ უმნიშვნელოდ გაზარდა ფასები; ამჟამად, ერთწუთიანი პოლიტიკური რეკლამის ფასი დილით და შუადღისას 800 ლარს შეადგენს, ხოლო  საღამოს და გვიან ღამით 1300 ლარი ღირს.

ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ ძირითადად შეინარჩუნა აგვისტოში არსებული ფასები; ამ ტელეკომპანიას სხვებთან შედარებით ყველაზე დაბალი სარეკლამო ფასები აქვს. რეკლამის წუთი 100 ლარიდან 390 ლარამდე ღირს.

საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს მაუწყებლებს, რომ თანაბარი ფასები დააწესოს პოლიტიკურ რეკლამებზე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

ტელეკომპანიები ვალდებულები არიან უსასყიდლოდ გამოუყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს ანუ პარტიებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე 4% ან ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 3% მაინც მიიღეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ვალდებულია მათი  წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით განათავსოს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ის პარტიები ან საარჩევნო ბლოკები, რომლებიც არჩევნებზე 5%–იან ბარიერს გადალახავენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 მილიონ ლარს მიიღებენ თავიანთი კამპანიის ხარჯების დასაფარად;  ამ თანხიდან 300 000 ლარი რეკლამის ღირებულების დაფარვას უნდა მოხმარდეს.  ამასთან ერთად, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცალკე ცვლილება, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს ის 12 პარტია, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button