
მოსკოვი აკრიტიკებს რასმუსენის განცხადებას ნატოში საქართველოს მისწრაფებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს გააკრიტიკა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თბილისში გაკეთებული განცხადება, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის.
რუსეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა რასმუსენის იმ განცხადებაზე რომელშიც ალიანსის გენერალური მდივანი 6 სექტემბერს თბილისში ყოფნისას აღნიშნა რომ "საქართველოს მომავალი სახლი ნატოშია".
„ამგვარი გამონათქვამები მოწმობს იმას, რომ ნატო–ში ისევ ვერ გამოიტანეს გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის 2008 წლის მოვლენებიდან და განაგრძობენ თბილისისთვის „გამამხნევებელი“ სიგნალების გაგზავნას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 10 სექტემბერს.
„ამის თაობაზე რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი. საქართველოს ნატოში შესაძლო წევრობის თემის აფიშირება არავის უსაფრთხოებას არ აძლიერებს, ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებებს, რითაც ამძაფრებს მისი სურვილის უქონლობას აღიაროს რეგიონში შექმნილი პოლიტიკური რეალობა და აძლიერებს დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნა მან.
„რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში რეალური წვლილი უნდა იყოს მკაფიო იურიდიული გარანტიები საქართველოს მხრიდან მის მეზობლებთან მიმართებაში ძალის არ გამოყენების თაობაზე, რაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილება“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 სექტემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში შემოჭრისას სამი ამოცანა ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ შეასრულა. მისი თქმით, ეს ამოცანები იყო საქართველოს მთავრობის დამხობა და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის და სატრანზიტო ფუნქციის დაკნინება.
„მესამე დავალება იყო და ამას ისტერიულად იძახოდა მედვედევი, ‘ნატოს გაფართოვება ხომ მაინც შევაჩერეთო’ და გუშინ წინ გენერალურმა მდივანმა ნატოსი თქვა ‘ნურას უკაცრავად’ – მათ ესეც ვერ შეასრულეს და რეალურად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
6 სექტემბერს თბილისში სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რასმუსენს 10 თვის წინ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩაშალა ნატოს პოსტ–საბჭოთა სივრცეში შემდგომი გაფართოების გეგმა. რასმუსენმა უპასუხა: „თუ 2008 წლის კონფლიქტის განზრახვა ღია კარის პოლიტიკის თაობაზე, გაფართოების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილებებისთვის ხელის შეშლა იყო, მერწმუნეთ, ეს ჩაიშალა, რადგანაც არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება“.
„ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ჩვენს ღია კარის პოლიტიკაზე და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ეს ჩიკაგოშიც გავიმეორეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება“, – განაცხადა რასმუსენმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ რასმუსენის განცხადებაში „რაიმე ახალი ელემენტები“ არ ყოფილა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული ალიანსი აცხადებს, რომ საქართველო ოდესმე გახდება მისი წევრი.
This post is also available in: English