skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას შეაფასებენ

აშშ–ის უწყებათაშორისი დელეგაცია 10–12 სექტემბერს საქართველოს ეწვევა, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასოს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს.

დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია, ხოლო მისი წევრები იქნებიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ასევე თავდაცვის და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

„დელეგაციის ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რასაც შედეგად მოყვება ისეთი პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 სექტემბერს.

„მდივნის თანაშემწის მოადგილე, მელია და დელეგაცია მთელ რიგ შეხვედრებს გამართავენ, რათა მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ აღასრულონ, და ასევე მოუწოდონ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ სრულად ჩაერთონ ამ პროცესში კანონის დაცვით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button