ახალი ამბები

საქართველოს ორი მოქალაქეა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს შეტაკებისას მოკლულთა შორის

თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ იმ თერთმეტ ლიკვიდირებულს შორის, რომლებიც ქართულ ძალებთან რუსეთის საზღვართან ახლოს, 29 აგვისტოს მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპნენ.

შსს–მ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან  7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება, რომელთაგანაც ორი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ხუთი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან.

თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამოდენიმე მოკლული პანკისის ხეობის მკვიდრი საქართველო მოქალაქე იყო, 1 სექტემბერს გავრცელდა.

საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ეს. „დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე“, – ნათქვამი იყო შს მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 1 სექტემბერს ვიდეო და წერილობითი ფორმით გაავრცელა შსს–მ და რომელიც ამჟამად ამოღებულია სამინისტროს ვებ–გვერდიდან.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ინტენსიურად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მოკლულებს შორის პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტებიც იყვნენ, რომელთა ცხედრების გადაცემასაც ადგილობრივები ხელისუფლებისგან ელოდნენ.

შსს–მ 3 სექტემბერს დაადასტურა, რომ შეტაკებისას მოკლული საქართველოს ორი მოქალაქე იყო: 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული დანარჩენი ხუთი არიან რუსეთის მოქალაქეები: ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, „დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში“; დუკვახა დოშუევი; სალამ ზაურბეკოვი; მუსა ადუევი; და ჯაბრაილ ხაშიევი – ეს უკანასკნელი ინგუშეთიდან, ხოლო დანარჩენები ჩეჩნეთიდან იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button