აშშ–ში ივანიშვილის ლობისტური ძალისხმევის ზოგიერთი დეტალი
რამოდენიმე ამერიკული საკონსულტაციო, იურიდიული და ლობისტური ფირმის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში წარდგენილი დოკუმენტაციები „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ აშშ-ში ლობისტური ძალისხმევის რამოდენიმე დეტალის გაგების საშუალებას იძლევა.
ივანიშვილმა წლის დასაწყისში დაიქირავა ისეთ საკონსულტაციო, ლობისტური და იურიდიულ კომპანიები, როგორიცაა National Strategies-ი, Patton Boggs-ი და სხვები, რომლებმაც თავდაპირველად ივანიშვილისთვის გასაწევი მომსახურეობის შესახებ ზოგადი მონაცემები კონგრესს წარუდგინეს „ლობირების განსაჯაროების აქტის“ (Lobbying Disclosure Act – LDA) ფარგლებში. ეს კანონი ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს საჯარო გახადოს ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქე კერძო პირებისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ. თუმცა მას შემდეგ, რაც აპრილში ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა, მის ლობისტურ და საკონსულტაციო ფირმებს მოუწიათ დარეგისტრირება აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (Foreign Agent Registration Act – FARA) ფარგლებში. LDA-სგან განსხვავებით, FARA ავალდებულებს კომპანიებს საჯარო გახადოს უცხოურ მთავრობებისთვის და პოლიტიკურ პარტიებისთვის გაწეული საქმიანობა. განსხვავება ასევე იმაში მდგომარეობს, რომ FARA-ს ფარგლებში იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მონაცემები გაცილებით უფრო დეტალურია, ვიდრე ის, რომელსაც კომპანიები LDA-ს ფარგლებში კონგრესს წარუდგნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში Patton Boggs-ი მიუთითებს, რომ მისი ივანიშვილისთვის გაწეული მომსახურების ერთი მიმართულება შესაძლოა მოიცავდეს ადვოკატირებას კონგრესმენებთან, მათი აპარატის თანამშრომლებთან და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებები, რომლებმაც შეზღუდეს მისი [ივანიშვილის] სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები“; ასევე ადვოკატირებას „შერჩევითი სადამსჯელო ზომების გამოყენებაზე ქართუ ბანკის წინააღმდეგ“.
Patton Boggs-ს ივანიშვილი იანვრიდან დაწყებული 160 000 აშშ დოლარს უხდის ყოველთვიურად. კონტრაქტის ხანგრძლივობა ათი თვეა. ივანიშვილისთვის გაწეულ მომსახურებას ზედამხედველობას თომას ჰეილ ბოგსი, Patton Boggs–ის პარტნიორი, ასევე ფირმის ორი წამყვანი მრჩეველი უწევენ.
ივანიშვილმა მეორე კომპანია, National Strategies-ი ლობირების; მედიასთან ურთიერთობების; საარჩევნო კამპანიის კონსულტირების და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დაიქირავა. National Strategies-ი ამ სერვისებს რამდენიმე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით ახორციელებს.
ლობირების კომპონენტში, National Strategies-მა თავის მხრივ კონტრაქტი დადო ორ ფირმასთან – Downey McGrath Group და Parry, Romani, DeConcini & Symms, რათა ისინი ივანიშვილს „დაეხმარონ ვაშინგტონში ურთიერთობების განვითარებასა და მენეჯმენტში“.
ივანიშვილი ყოველთვიურად 105 000 აშშ დოლარს უხდის National Strategies–ს; Downey McGrath Group–სა და Parry, Romani, DeConcini & Symms–ს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი მონაცემების თანახმად, National Strategies–ი უზრუნველყოფს ურთიერთობას კონგრესთან და ობამას ადმინისტრაციასთან, რათა „კლიენტის [ივანიშვილის] კამპანიისთვის მხარდაჭერა გაზარდოს“, ასევე დაეხმაროს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების მიმხრობაში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყოს ივანიშვილის საარჩევნო კამპანიას.
კონტრაქტის თანახმად, National Strategies–ის მომსახურება ასევე მოიცავს აშშ-ში მედია კამპანიის უზრუნველყოფას, რომლის სამიზნეც არიან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და წამყვანი კომენტატორები, პოლიტიკური მიმომხილველები. ამაში ასევე შედის აშშ-ის ეროვნულ პრეს კლუბში ბრიფინგების მოწყობა, ექსკლუზიური ინტერვიუების ორგანიზება, მედიის მონიტორინგი და მათზე რეაგირება.
ამასთან ერთად, National Strategies–ი უზრუნველყოფს კამპანიასა და პიარში ივანიშვილის კონსულტაციებს მისი პარტნიორი კომპანიის K-global–ის მეშვეობით (ორივე კომპანია National Strategies–ი და K-global–იც Interpoint Group–ის შემადგენლობაში შედიან).
ამ მომსახურებისთვის ივანიშვილი ყოველთვიურად 65 000 აშშ დოლარს იხდის.
აღნიშნულ კომპონენტში, აშშ–ის იუსტიციის სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, National Strategies–ი K-global–ის მეშვეობით და ივანიშვილის კამპანიის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით ეხმარება საარჩევნო გზავნილების შექმნაში; ასევე კამპანიის დროს წინ წამოსაწევი თემების გამოკვეთაში; საავტორო სტატიების მომზადებაში; მედიის ტრეინინგებსა და ინტერვიუებისთვის მომზადებაში.
ეს მომსახურება ასევე მოიცავს ინტერნეტ–კამპანიის წარმოებას, მათ შორის ინგლისურენოვანი ვებ–გვერდის Citizens for Democracy in Georgia გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს „აშშ–ში გავლენიანი პირების, პოლიტიკოსებისა და მედიისთვის საქართველოს საკითხის“ წინ წამოწევას.
ამ კომპონენტის კიდევ ერთი ელემენტი მოიცავს ივანიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის სოციალური მედიის გამოყენებას, რათა „შეიქმნას ონლაინ მხარდამჭერების არმია, რომელთაც მნიშვნელოვანი წვდომა და გავლენა აქვთ ინტერნეტში, რათა გაიზარდოს პოზიტიური აზრი კლიენტის კამპანიის მიზნების მიმართ“. ივანიშვილის გვერდს Twitter–ზე, რომელსაც მისი პიარ კონსულტანტები მხოლოდ ინგლისურ ენაზე უწევენ ადმინისტრირებას, 28 700 „მიმდევარი“ ჰყავს.
ბიძინა ივანიშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნა ამავე მომსახურების შემადგენელი ნაწილია. ამ ფილმის პრომო ვერსია უკვე გავრცელდა.
K-global–ის მმართველმა დირექტორმა, თომას ფრენკმა კომპანიის ბლოგზე 24 აგვისტოს ამ დოკუმენტური ფილმის შესახებ დაწერა: „ივანიშვილს სათანადოდ არ იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც უცხოელი ლიდერების შიშს იწვევს. ჩვენი მიზანი იყო მისი ამბავი გაგვეცოცხლებინა, ამ შემთხვევაში ფილმის მეშვეობით, რომელიც აცნობს [ივანიშვილს] მსოფლიოს და მის ქვეყანას.“
National Strategies–ის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ასევე მოიცავს იმ აქტივობებს, რომლებიც კომპანიამ და მისმა ქვეკონტრაქტორებმა კლიენტის სასარგებლოდ 10 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში განახორციელეს და მათ შორის არის ივანიშვილის Twitter–ის გვერდის ადმინისტრირება და „მიმდევრების“ მოპოვება; კონგრესში სამი განცხადების მომზადება; საარჩევნო კამპანიისთვის სასაუბრო პუნქტების მომზადება. ეს ჩამონათვალი ასევე შეიცავს „მაღალი დონის მოკავშირეების მიმხრობას“, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მდივნის თომ რიჯის და აშშ–ის არმიის თადარიგის გენერლის და სამხედრო ანალიტიკოსის ბარი მაკკაფრის.
საქართველოს მთავრობა ასევე სარგებლობს რამდენიმე ამერიკული ლობისტური ფორმის მომსახურებით. ვაშინგტონში მის ლობისტურ გუნდს წელს კიდევ ორი კომპანია შეუერთდა – Prime Policy Group –ი და Gephardt Government Affairs–ი, რომლებიც კონგრესთან და აშშ–ის ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებს და ადვოკატირებას უზრუნველყოფენ. ორივე ფირმა მთავრობამ ექვსი თვით დაიქირავა და ჯამში 330 000 აშშ დოლარს უხდის.
გარდა ამ ორი კონტრაქტისა, რომელთაც ივნისში მოეწერა ხელი, საქართველოს მთავრობა სხვა ამერიკული ლობისტური კომპანიების, მათ შორის Podesta Group–ის, Orion Strategies–ის და კონსულტანტ გრეგორი მანიატისის, მომსახურებასაც იღებს.
წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 600 000 აშშ დოლარის ღირებულების 11–თვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული Podesta Group–თან და 360 000 აშშ დოლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი კონსულტანტ გრეგორი მანიატისთან.
ამას გარდა, საქართველოს მთავრობის დიდი ხნის კონტრაქტორმა, Orion Strategies–მა ქვეკონტრაქტი გააფორმა LynxDC–სთან, რომელიც დაწყებული მიმდინარე აგვისტოდან საქართველოს ხელისუფლებას „სტრატეგიულ რჩევას და საკონსულტაციო მომსახურებას“ უწევს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებზე, ეხმარება სტრატეგიულ კომუნიკაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობებში, აშშ–ში გადაწყვეტილების მიმღებთ აწვდის ცნობებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და ყველა ამ აქტივობებს ახორციელებს როგორც აშშ–ში, ისე ევროპაში. ივლისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ Orion Strategies–სთან წელს არსებული 270 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტაქტი კიდევ ნახევარი წლით გააგრძელა და ამისთვის ისევ 270 000 აშშ დოლარს იხდის.
საქართველოს მთავრობის მიერ ვაშინგტონში ლობისტური ფირმების მომსახურეობისთვის წელს გაწეული ხარჯები სულ ცოტა 1.83 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)