ახალი ამბები

სააკაშვილი: ქვეყნის მომავლის ბედი წყდება ამ არჩევნებზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამტრედიაში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს განუცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის „გადამწყვეტი“ იქნება, რადგან, მისი თქმით, რეალურად, ამ დღეს გადაწყდება არა რომელიმე პოლიტიკური ძალისა და სუბიექტის ბედი, არამედ ქვეყნის მომავლის ბედი.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეს „უკან ხელისუფლებაში“ ის ხალხი მოიწევს, ვისაც საქართველოს წარსულში დაბრუნება უნდა, ვინც „პენსიები წაგვართვა“, ვინც  „ბიუჯეტს ყოველთვიურად ამცირებდა“ და ვინც „კრიმინალით და ქურდებით გაავსო ქვეყანა“.

„პირველი ოქტომბერი არის მათი უკანასკნელი შანსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს შანსი ვეღარ გამოიყენონ; ერთხელ და სამუდამოდ მოგვშორდნენ და მოგვწყდნენ და აღარასდროს საქართველოში მათი ადგილი აღარ იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა ხუთშაბათს.

კამპანიის ფარგლებში გამართულ შეკრებაზე მან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი, მერაბ ჯანელიძე წარადგინა სამტრედიის ოლქში, სადაც მას მეტოქეობას ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე გაუწევს – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო მილანის შემადგენლობაში.

კამპანიის აქციაზე სააკაშვილმა 2009 წელს იტალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ საკვალიფიკაციო შეხვედრაზე კალაძის მიერ გატანილი ორი ავტო გოლი მისთვის შესატევად გამოიყენა და განაცხადა: „საკუთარ კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში და ისინი ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებენ“.

„ის ვინც გვეუბნება, ‘რა მნიშვნელობა აქვს ომის ვინ დაიწყო’, ‘რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომი საქართველომ თუ რუსეთმა’, ალბათ სულერთია ვის კარებში გაიტან გოლს, შენი გუნდის თუ მოწინააღმდეგის“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

კალაძემ კიდევ ერთხელ მოიბოდიშა ავტოგოლების გამო, როცა ის 2011 წლის დეკემბერში ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა: „კარგი იქნება, თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ავტოგოლები მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“.

აგვისტოს დასაწყისში კალაძემ შეაქო მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან მერაბ ჯანელიძე, როგორც „უაღრესად პატიოსანი ადამიანი, ღირსეული კაცი“.

„მე პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ კარგის მეტი არაფერი მსმენია… და მე ამ ადამიანს ვპირდები, და ჩემი რაიონის მოქალაქეებს, აქ მაცხოვრებელ ხალხს ვპირდები იმას, რომ  როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ოქტომბერში, ეს ადამიანი თავის რაიონს დაუბრუნდება და იქნება სამტრედიის რაიონის მთავარი ექიმი იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ძლიერი სპეციალისტები, ასეთი ღირსეული ხალხი ნამდვილად ხელსაკრავი არ გვყავს და ჩვენ ქვეყანას და ჩვენ რაიონს ჭირდება“, – განუცხადა კალაძემ ინფო9–ს 5 აგვისტოს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button