ახალი ამბები

ისრაელმა სტატუს ნეიტრალური დოკუმენტი აღიარა

ისრაელმა საქართველოს მიერ მისი სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების ლეგიტიმურობა აღიარა.

შესაბამისი ოფიციალური ნოტა ისრაელის ახალმა ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ფარგლებში წარუდგინა საქართველოს საგარეო უწყებას, რომელიც „განსაკუთრებით მიესალმა“ ისრაელის სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას.

ისრაელი მეცხრე ქვეყანა გახდა, იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის და პოლონეთის შემდეგ, რომელმაც სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ოფიციალურად ცნო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფოს სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს ნებაყოფლობით შეუძლიათ აიღონ,  ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

სოხუმი და ცხინვალი ამ დოკუმენტების შემოღებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მათი შემდგომი იზოლაციისკენ უბიძგებს; მოსკოვი კი თბილისის ამ გადაწყვეტილებას "პროვოკაციულ იდეას" უწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button