
გამყრელიძე ახალი მემარჯვენეების სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი იქნება
ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება.
21 აგვისტოს გამყრელიძის წარდგენისას ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები მზად არიან წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში ხელისუფლებასთან და ასევე ყველა კონკურენტ ოპოზიციურ ძალასთან.
დავით გამყრელიძეს ცხრა წლის წინ პარტიის დაფუძნების შემდეგ ყველა არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებში, სადაც ხმათა 4% დააგროვა; ხოლო იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკეში გამარჯვებული მაჟორიტარი გახდა 48.61%–ით, თუმცა მანდატზე უარი თქვა.
„ჩვენთვის 2012 წლის არჩევნები მართლაც მიჯნას წარმოადგენს, როცა საქართველოში უნდა დამთავრდეს ანომალიური პოლიტიკური პროცესი და დაიწყოს ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული მშვიდობიანი პოლიტიკის ეპოქა“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
მემარჯვენეები ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ და უკვე წარადგინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებში. მათი საარჩევნო პროგრამის სლოგანია „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“, ხოლო კამპანიის დევიზია „არა მონოპოლიებს“.
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ახალი მემარჯვენეები იმ ათ პარტიას შორის არის, რომელთა პარტიული რეიტინგები ჯამურად 1%–ს შეადგენს.