ახალი ამბები

ივანიშვილი სააკაშვილს ტელედებატებში იწვევს

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ტელედებატებში გამოიწვია.

ივანიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 20 აგვისტოს, რომ თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს დებატებში მონაწილეობას, მაშინ მზადაა მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან დაჯდეს დებატებში.

„ორი დიდი ძალაა გამოკვეთილი – ჩვენი კოალიცია და ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მე დღეს… ვიწვევ ტელედებატებში მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი ფორმით. ეს არის ლოგიკური“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თუ ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილი, მაშინ მისი გუნდიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს –ერთ კაცთან არ დავჯდები, რა თქმა უნდა – შეუძლიათ 5 ან 7–ზე მეტი შეიკრიბნონ, ვთქვათ, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი კოალიცია არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის, ახალი მემარჯვენეების და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებთან, რომელთაც მან „ცრუ ოპოზიცია“ უწოდა.

„თუ მათ სურვილი აქვთ ჩემთან შეხვედრის [დებატებში], მე თანხმობას ვაცხადებ ერთი პირობით, რომ მათ უნდა აღიარონ, რომ ისინი ხელისუფლებას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში, მეც და ჩემი კოალიციის წარმომადგენლებიც, მათთან დებატებში დაჯდებიან.  ცრუ ოპოზიციასთან ჩვენ დებატებში არ დავჯდებით“, – განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button