ახალი ამბები

მმართველმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა

მმართველმა პარტიამ დედაქალაქის 10 ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 13 აგვისტოს ოფიციალურად დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; ისანში  –  გიორგი ვაშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა; საბურთალოზე  – ანდრია ურუშაძე, თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი; კრწანისში – დავით საყვარელიძე, რომელმაც მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ივნისში დატოვა.

თანამდებობის პირები, რომლების პარლამენტის წევრობის კანდიდატებად პარტიების ან ბლოკების მიერ არიან წარდგენილი, 3 სექტემბრამდე უნდა გადადგნენ ან გათავისუფლდნენ დაკავებული პოსტებიდან. 

დედაქალაქის ოთხ ოლქში მოქმედი დეპუტატები იყრიან კენჭს: სამგორში – მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია წარდგენილი. მაჭავარიანი 1995 წლიდან მოყოლებული ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მათ შორის 2002 წელს სამგორის მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული.

მთაწმინდაზე კენჭს პოლიტიკაში ბიზნესიდან წასული არჩილ გეგენავა იყრის, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ხმების 51.36%–ით.

ჩუღურეთის ერთმანდატიან ოლქში ანდრო ალავიძეა წარდგენილი, რომელიც ამ ოლქიდან პარლამენტში მაჟორიტარად 2010 წლის მაისში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად იქნა არჩეული.

ნაძალადევის რაიონში კვლავაც მერაბ სამადაშვილი იყრის კენჭს, რომელიც უკვე მე–13 წელია განუწყვეტლივ ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია – 1999 და 2003 წლების არჩევნებში მან მოქალაქეთა კავშირის მხარდაჭერით გაიმარჯვა, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო და 41.39%–იანი მხარდაჭერა მიიღო, ოფიციალური მონაცემების თანახმად.

გლდანსა და დიდუბეში ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში ამავე ოლქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრები წარადგინა.

ნიკო ხაჩირაშვილი, დედაქალაქის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გლდანის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ის ამ რაიონის გამგებელი იყო 2008 წლამდე, ვიდრე თბილისის ვიცე–მერი გახდებოდა.

დიდუბის ერთმანდატიან ოლქში მმართველმა პარტიამ საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და 1999–2003 წლებში ამავე რაიონის გამგებელი გიორგი ჩაჩანიძე წარადგინა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც 13 აგვისტოს კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთად დაასახელა, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის კრედოა, რომ არ დაუშვას წარსულის დაბრუნება და აშენებულის დანგრევა.

„ჩვენ მოქალაქეებს არ უნდათ წარსულზე ოცნება“, – განაცხადა მან კანდიდატების წარდგენისას.

This post is also available in: English Русский

Back to top button