skip to content
ახალი ამბები

რუსეთის თქმით, „კავკაზ 2012“ სხვა ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის

სექტემბერში დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“ არ უქმნის „საფრთხეს სხვა ქვეყნებს და სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკებს“, ის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება და რუსეთის გარეთ განთავსებული შენაერთები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ, გენერალ–პოლკოვნიკმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა 7 აგვისტოს.   

„წვრთნები არ იქნება ფართომასშტაბიანი. მასში 8 ათასამდე ადამიანი, 200 ერთეული სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, დაახლოებით 100 ერთეული საარტილერიო სისტემა, ათამდე გემი და კატარღა მიიღებს მონაწილეობას; წვრთნების დროს ავიაცია, დაახლოებით, 80 ფრენას განახორციელებს“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები პოსტნიკოვზე დაყრდნობით. 

„იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ დამატებითი დაძაბულობა ჩვენს ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობებში, წვრთნების მონაწილეებს შორის არ იქნებიან სომხეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ბაზებზე განთავსებული შენაერთები“, – განაცხადა მან.

„მონაწილეთა შორის არ არიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. და თავად წვრთნები „კავკაზ 2012“ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩატარდება“, – დასძინა პოსტნიკოვმა.   

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია დაგეგმილი წვრთნების გამო და შიშობს, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს და თავისი ძალები განათავსოს, რომელსაც შემდეგ საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა; რუსეთმა ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ 2008“ აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაატარა.

წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კავკაზ 2012“–ში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში განთავსებული სამხედრო შენაერთებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და აშშ–ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კრის სმიტმა განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გააუქმოს“ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ–2012“ და დასძინა, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება დაშინების უხეში ხერხია“.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button