
მერაბიშვილი დაგეგმილი 1000–ლარიანი ვაუჩერის შესახებ
პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 31 ივლისს, რომ მთავრობა ოთხ წელიწადზე გაწერილი 1000–ლარიანი ვაუჩერების პროგრამას ახლადარჩეულ პარლამენტს ოქტომბერში წარუდგენს დასამტკიცებლად.
ოთხ წელიწადზე გაწერილი 1000–ლარიარი ვაუჩერი თითოეული ოჯახისთვის მთავრობის იმ ახალი ოთხწლიანი პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს“ ნაწილია, რომელსაც მნიშვნელოვნად ეფუძნება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
„როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, დაამტკიცებს [ამ პროგრამას]“, – განაცხადა მერაბიშვილმა რუსთავში ერთ–ერთ ოჯახში სტუმრობისას, რაც ტელევიზიით გადაიცა.
პრემიერ– მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის მიხედვით, ოთხწლიანი 1000–ლარიანი ვაუჩერები ძალაში 2013 წლის იანვრიდან შევა. გეგმის თანახმად, ვაუჩერი ძალაში იქნება ოთხი წლის განმავლობაში და ყოველ ოჯახს საშუალება ექნება წლიურად 250 ლარის ოდენობის თანხა მოიხმაროს. პრეს–რელიზის თანახმად, ოჯახები თავად გადაწყვეტენ რა გზით გამოიყენებენ აღნიშნულ ვაუჩერს – გადაიხდიან დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალურ ხარჯებს, შეიძენენ სასკოლო სახელმძღვანელოებს ბავშვებისთვის, შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს, თუ მოიმარაგებენ საწვავს და სასუქს სასოფლო სამუშაოებისათვის ან დაიქირავებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.
2012 წლის თებერვალში მთავრობამ ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერები დაარიგა თითოეული ოჯახისთვის. მაშინ მთავრობამ განაცხადა, რომ ვაუჩერები სულ ქვეყნის მასშტაბით 1,2 მილიონ ოჯახს დაურიგდა.
ოჯახების ეს რაოდენობა იმას ნიშნავს, რომ თუ მთავრობა 1000–ლარიანი ვაუჩერის შესახებ პირობას შეასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტს 1.2 მილიარდი ლარის გამოყოფა მოუწევს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ მიზნით, ანუ 300 მილიონი ლარის ყოველწლიურად.
This post is also available in: English Русский