skip to content
ახალი ამბები

Amnesty International–ი ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

Amnesty International–მა განაცხადა 20 ივლისს, რომ საქართველოს ხელისუფლება „ვერ იცავს ოპოზიციის მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს ძალადობისგან, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური“ საფუძველი უდევს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია განცხადებაში ეხება მერეთსა და კარალეთში ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტებს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „უზრუნველყოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა ან კუთვნილებისა და ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები “.

ინციდენტების დროს დაზარალებულთა შორის სულ ცოტა ათი ჟურნალისტი იყო. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ასევე გამოხატა შეშფოთება „საქართველოში ბოლო კვირების მანძილზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის განმეორებითი ფაქტების გამო“ და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.

Amnesty International–ის განცხადებაში იმ ფაქტებზეც არის საუბარი, როდესაც „ინფო 9“–ის ჟურნალისტებს დასდევენ უცნობი ადამიანები, რომლებიც თავს ჟურნალისტებად წარმოაჩენენ, და რომლებიც „ინფო 9“–ის კორესპონდენტებს მუშაობაში ხელს უშლიან.

„Amnesty International–ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის ყველა ფაქტის სწრაფი და ზედმიწევნითი გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში, „ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეუფერხებლად და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეთ მიუხედავად იმ მედია საშუალების პოლიტიკური ინტერესისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button