
ხელისუფლება “Must Carry”-ის პრინციპის გახანგრძლივებაზე ელჩების მოწოდებას პასუხობს
სახელმწიფო ვერ ჩაერევა მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “Must Carry”-ის პრინციპის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გახანგრძლივების საკითხში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოში აკრედიტებული ელჩების სამუშაო ჯგუფის მოწოდების საპასუხოდ.
18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმა “Must Carry”-ისთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილ „უაღრესად პოზიტიურ ინიციატივას ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის უფრო მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით“.
ეს პრინციპი კანონის თანახმად, რომელსაც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი, წინასაარჩევნო პერიოდში – არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე იმოქმედებს.
„ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კვლავაც განიხილოს „Must carry“-ის და „Must -offer“–ის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისათვის“, – ნათქვამია ელჩების განცხადებაში.
ამ მოწოდების საპასუხოდ დავით ბაქრაძემ იგივე პოზიცია გაიმეორა, რაზეც მან ივნისის ბოლოს კანონის მიღებისას ისაუბრა.
„სახელმწიფო მუდმივად ვერ ჩაერევა კერძო ბიზნესის საკითხში“, – განაცხადა მან 19 ივლისს, „ჩვენ გვაქვს პერიოდი, როდესაც სახელმწიფო შესაძლებლად მიიჩნევს, რომ გამომდინარე დემოკრატიის ინტერესიდან ჩაერთოს – ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ [საკაბელო ოპერატორებს და ტელევიზიებს] აქვთ ვალდებულება, რომ ეს [სავალდებულო ტრანზიტი] გააკეთონ. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ პერიოდს, ეს არის ნებაყოფლობითი“.
„და ისევ ვიმეორებ: ჩვენ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ყველა საკაბელო მაუწყებელს და ყველა სატელევიზიო არხს, რომელიც გააგრძელებს იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდება ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ამიტომ მე არ ველოდები, რომ ყველა ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ დღეში დაირღვევა“, – დასძინა მან.