
სააკაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა და ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა
პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში თურქეთის თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს შეხვდა, რომელიც 18 ივლისს საქართველოს სტუმრობდა.
„თურქეთთან ძალიან დინამიურად ვითარდება საქართველოს ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა სააკაშვილმა, „თქვენ იცით, რომ 2014 წელი ნატოს გაფართოების წელიწადად გამოცხადდა და საქართველოს უკვე გაუჩნდა რეალისტური შანსი ნატოში სრული გაწევრიანების, რაც არის ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია“.
„თურქეთი არის ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერი ჩვენი ნატოში გაწევრიანების საქმეში, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი კეთილმეზობლობისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ბოლო ხანებში ეს გახდა უფრო რეალისტური, ვიდრე როდესმე ისტორიაში“, – განაცხადა მან.
„ასევე ჩვენ მადლობელი ვართ იმისა, რომ ასეთ რთულ წლებში, მათ შორის 2008 წლის შემდეგ, თურქეთთან არც ერთ სფეროში არ შეწყვეტილა თანამშრომლობა, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში; მაშინ თავდაცვის სფეროში ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვქონდა ეს ურთიერთობა, რომელიც ძალიან ქვემოთ ჩამოვიდა; ახლა ისევ დაბრუნდა. მაგრამ იშვიათი გამონაკლისი იყო თურქეთი, რომელთანაც არც ერთი დღე არ შეჩერებულა ეს თანამშრომლობა, პირიქით, უფრო ინტენსიური გახდა და ეს იყო თურქეთის მხრიდან რეალური მხარდაჭერის, რეალური მეგობრობის, რეალური კეთიმეზობლობის გამოხატულება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)