ახალი ამბები

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ყველა მოადგილე შეცვალა

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მინისტრ დიმიტრი შაშკინს ოთხი ახალი მოადგილე ჰყავს, აქედან ორი ბოლო წლებში მასთან ერთად მუშაობდა, მესამე შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის, ხოლო მეოთხე თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში დაწინაურდა.

შაშკინმა თანამშრომლებს 9 ივლისს პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე წარუდგინა, რომელიც მისი მოადგილე იყო როგორც განათლების მინისტრობის, ისე მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დროს. სეფერთელაძემ ახალ პოსტზე ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნული ნოდარ ხარშილაძე შეცვალა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ასევე მაია სიფრაშვილმა, შაშკინის მრჩეველმა პენიტენციალურ სისტემაში მუშაობის დროს, რომელიც 2010 წლიდან განათლებისა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის, მათ შორის პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელი იყო.

შაშკინის ახალი მოადგილე გახდა ასევე დავით ნარდაია, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი მოადგილის ანდრო ბარნოვის საქმიანობას განაგრძობს.

აქამდე დადასტურებული ცნობების თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ახალმა მინისტრმა დათა ახალაია წარადგინა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ძმა, რომელმაც მთავრობაში საკადრო ცვლილებების გამო შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ხელმძღვანელის თანამდებობა წინა კვირას დატოვა. კუდ–ის ხელმძღვანელის უფლებამოსილება მას 2006 წელს დროებით შეჩერებული ჰქონდა, როცა მისი სახელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა, თუმცა მოგვიანებით მან განაგრძო იგივე თანამდებობაზე მუშაობა.

კუდ–ში ახალაიას ყოფილი მოადგილე, იოსებ თოფურიძე გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

დღესვე შაშკინმა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ახალი უფროსი და ექვსი დეპარტამენტის შეცვლილი ხელმძღვანელები წარადგინა. ამასთან, არსებულ 13 დეპარტამენტს დაემატა ერთი ახლადშექმნილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button