რუსეთის საგარეო უწყება ISAF–ში საქართველოს წვლილზე სააკაშვილის განცხადებას პასუხობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 5 ივლისს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო დროინდელი განცხადებები, რომ იმისათვის, რომ ქვეყანას ძლიერი არმია ჰყავდეს, ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში საომარ ოპერაციებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ფაქტიურად დაინტერესებულია ავღანეთის ოპერაციის გაგრძელებაში.
1 ივლისს ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ გვყავს მებრძოლი არმია – ვმონაწილეობთ ავღანეთის ოპერაციაში და ვისაც შეკითხვა უჩნდება ამასთან დაკავშირებით, უნდა ესმოდეს, რომ თუ გვსურს გვქონდეს ქვეყანა, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ჯარი; ხოლო თუ გვსურს ძლიერი ჯარი, უნდა ვიყოთ მოქმედ ფრონტზე“.
ეს არ იყო ამ ტიპის პირველი განცხადება სააკაშვილის მხრიდან. ანალოგიური განცხადებები მან ადრეც რამდენჯერმე გააკეთა, მათ შორის 2011 წლის სექტემბერში და შემდეგ 2012 წლის თებერვალში, როცა მან ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა.
5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ სააკაშვილის გამოსვლა ქუთაისში იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ავღანეთის ომი, მით უფრო მეტი საწვრთნელი შესაძლებლობები ექნება ქართულ არმიას.
„გამოდის, რომ საქართველო ავღანეთში წარმოდგენილია და ჯარისკაცების რაოდენობას ზრდის არა ტერორიზმთან ბრძოლისთვის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად, რასაც გულისხმობს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კოალიციური ძალების მანდატი“, – ნათქვამია განცხადებაში, „უფრო მეტიც, სააკაშვილის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ რაც უფრო დიდხანს გასტანს ავღანეთში „აქტიური ომი“, მით უკეთესი საქართველოსთვის, რომელსაც ექნება შესაფერისი პოლიგონი არმიის საბრძოლო მომზადებისთვის“.
„გვერდზე გადავდოთ ამ თემის მორალური ასპექტი (დაე, საქართველოს და ავღანეთის ხალხებმა შეაფასონ ეს). აღვნიშნავთ იმას, რომ აღნიშნული გამონათქვამები ცალსახად ადასტურებს, რომ თბილისში შენარჩუნებულია სამხედრო რევანშისტული განწყობები, რომლებიც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. შემთხვევითი არ არის, რომ ქართული მხარე ჯიუტად არიდებს თავს ძალის არ გამოყენების თაობაზე სავალდებულო ხელშეკრულებების გაფორმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“.
„მიგვაჩნია, რომ ბატონი სააკაშვილის მხრიდან თავისი რეალური მოტივების გულახდილ (რომ არ ვთქვათ – ცინიკურ) წარმოთქმას ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც ქება–დიდებას ასხამს ‘თბილისის წვლილს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში’ და, ამის მხარდაჭერის ვითომდა კეთილი ზრახვებით, საკმაოდ კონკრეტულ დახმარებას უწევს საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)