ახალი ამბები

განახლებული მთავრობა და მისი ახალი პროგრამა დამტკიცებულია


მარცხნიდან მარჯვნივ: დალი ხომერიკი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი; პაატა ტრაპაიძე, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ხატია დეკანოიძე, განათლების მინისტრი; პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია. ფოტო: ინტერპრესნიუსი 

პარლამენტმა 102 ხმით 7–ის წინააღმდეგ განახლებული მთავრობა პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და მისი ახალი ოთხწლიანი პროგრამა 4 ივლისს დაამტკიცა.

ბაჩო ახალაია, რომელიც 2009 წლიდან თავდაცვის მინისტრი იყო, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა – ეს პოსტი ბოლო შვიდი წლის მანძილზე მერაბიშვილს ეკავა. ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეცვალა. პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჩაუდგა სათავეში, განათლების მინისტრი გახდა. დალი ხომერიკმა, რომელსაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა, კობა სუბელიანი შეცვალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე.

მთავრობაში ასევე გაჩნდა ერთი ახალი უპორტფელო მინისტრის თანამდებობა – დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ეს ახალი პოსტი პაატა ტრაპაიძემ, სამშენებლო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორმა დაიკავა.

4 ივლისს დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ახალმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია სწორი კანდიდატურაა ამ პოსტზე. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო დაამტკიცებს, რომ პოლიციაში ჩატარებული რეფორმა – ეს არის უკვე მტკიცე პოლიცია, რომ საკადრო ცვლილება, მინისტრის ცვლილება არაფერს არ შეცვლის“, – განაცხადა მერაბიშვილმა, „მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება ერთ–ერთი მთავარი დასაყრდენი საქართველოში რეფორმების განხორციელების, ასევე საქართველოს სტაბილურობის და საქართველოს განვითარების“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ეშელონებში უკვე განხორციელდა ერთი ცვლილება – საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. უტიაშვილმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა თავის მომავალ საქმიანობაზე საუბრისგან, მაგრამ სავარაუდოდ ის პრემიერ–მინისტრ მერაბიშვილთან გააგრძელებს მუშაობას, თუმცა მისი ახალი თანამდებობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა განახლებული მთავრობის ახალი ოთხწლიანი პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“.

4 ივლისს პარლამენტის ნდობის მოპოვებამდე დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მერაბიშვილმა ახალი ოთხ წელზე გაწერილი 20–მილიარდიანი პროგრამის ძირითადი პუნქტები წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს 6 მილიარდი ლარის გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე გაზრდილი პენსიების დაფინანსებისთვის; 3 მილიარდი ლარის გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევისთვის; 3 მილიარდ ლარს სოციალური დახმარების პროგრამებისთვის; 4 მილიარდ ლარს სოფლის მეურნეობისა და 4 მილიარდ ლარს განათლების სფეროსთვის, ასევე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 

წელს 1 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტია გამოყოფილი პენსიებისთვის; ამას ემატება 168.5 მილიონი ლარი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის.

მთავრობის დაპირება იმას ნიშნავს, რომ პენსიების წლიური დაფინანსება მომავალი წლიდან 1.5 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის წლიური დაფინანსება – 750 მილიონ ლარამდე.

მერაბიშვილმა განაცხადა 3 ივლისს, რომ მისი მთავრობა დამატებითი სახსრების გამოყოფას აპირებს გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლებიდან. მისი თქმით, იგი ელის, რომ საქართველოს ოთხწლიანი სახელმწიფო ბიუჯეტი სულ ცოტა 37–38 მილიარდ ლარს მიაღწევს – რაც საშუალოდ სულ ცოტა 9.25 მილიარდ ლარია ყოველწლიურად. 2012 წლის საბიუჯეტო ხარჯები 6.782 მილიარდ ლარს შეადგენს.

ახალი მთავრობის ერთ–ერთი დაპირებაა მომავალი წლიდან თითოეული ოჯახისთვის 1000–ლარიანი ვაუჩერის გადაცემა, რომელიც ასევე ოთხ წელიწადზე იქნება გაწერილი.

2012 წლის თებერვალში მთავრობამ ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერები დაარიგა თითოეული ოჯახისთვის. მაშინ მთავრობამ განაცხადა, რომ ვაუჩერები სულ ქვეყნის მასშტაბით 1,2 მილიონ ოჯახს დაურიგდა.

ოჯახების ეს რაოდენობა იმას ნიშნავს, რომ თუ მთავრობა 1000–ლარიანი ვაუჩერის შესახებ პირობას შეასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტს 1.2 მილიარდი ლარის გამოყოფა მოუწევს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ მიზნით. მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც პარლამენტმა 4 ივლისს დაამტკიცა, არ შეიცავს დეტალურ სქემას, რომლის ფარგლებშიც მერაბიშვილის მთავრობა ოჯახებისთვის ამ თანხის გამოყოფას გეგმავს.

ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განახლებული მთავრობა და მისი ახალი პროგრამა გააკრიტიკა და არჩევნების წინ „პოპულიზმში“ დასდო ბრალი. მისი თქმით, განახლებული მთავრობა ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის „საარჩევნო შტაბს“ წარმოადგენს და არა პასუხისმგებლობით აღსავსე მთავრობას. მან ასევე გააკრიტიკა ახალი პრემიერ–მინისტრი იმის გამო, რომ მან თავის გამოსვლაში "ერთხელაც არ ახსენა" ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი – ტერიტორიული მთლიანობა. 
    
მერაბიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის მინისტრების მუშაობას შეაფასებს არა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებით ამა თუ იმ სამინისტროს მიმართ.

„მე ვიძლევი გარანტიას, რომ არც ერთ მინისტრს არ შევაფასებ სტატისტიკური მონაცემებით; ჩვენი მთავრობის წევრები შეფასდებიან მხოლოდ იმით, თუ რამდენად მოსწონთ ისინი ხალხს, რამდენად აკეთებენ ისინი საქმეს ხალხის სასიკეთოდ, და რამდენად მეტ სიკეთეს შეიტანენ ისინი ქართულ ოჯახებში. მე არ ვაპირებ ოპოზიციასთან ციფრებით პაექრობას იმიტომ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა წერია სტატისტიკაში იმიტომ, რომ ყველაზე მთავარია, რა განწყობაა საზოგადოებაში, როგორც გრძნობს ხალხი თავს“, – განაცხადა მერაბიშვილმა. 

მთავრობის წევრ დანარჩენ მინისტრებს ცვლილებები არ შეხებიათ:

  • სახელწმიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე–პრემიერი – გიორგი ბარამიძე; 
  • სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე–პრემიერი – ეკატერინე ტყეშელაშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი – ზურაბ ადეიშვილი; 
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – გრიგოლ ვაშაძე;
  • ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი გვინდაძე; 
  • ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ალექსანდრე ხეთაგური;
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი – ვერა ქობალია;
  • გარემოს დაცვის მინისტრი – გიორგი ხაჩიძე; 
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი – ზაზა გოროზია; 
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – ხათუნა კალმახელიძე; 
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – ნიკოლოზ რურუა; 
  • რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – რამაზ ნიკოლაიშვილი;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლადო ვარძელაშვილი; 
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – მირზა დავითაია.

   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button