
სააპელაციო სასამართლომ ‘ქართული ოცნებაზე’ დაკისრებული 2.38 მილიონიანი ჯარიმა ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 30 ივნისს უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ 2.38 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა, განაცხადეს ივანიშვილის ადვოკატებმა.
კოალიციაში შემავალ ექვს პარტიას 476 614 ლარის ხუთმაგი ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს, რომელიც კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ კოალიციის ოფისების დაქირავებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის უკანონო არაფინანსურ შემოწირულობად იქნა მიჩნეული სასამართლოს და კონტროლის პალატის მიერ. სწორედ ამ თანხის ხუთმაგი ოდენობა – 2.38 მლნ ლარი – დაეკისრა კოალიციას, ხოლო მანამდე კომპანია „მენეჯმენტ სერვისს“.
ეს თანხა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი შემოწირულობები, რომლებიც კოალიციაში შემავალმა პარტიებმა პირველი ექვსი თვის განმავლობაში მიიღეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და ხელისუფლების მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.
„ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პოლტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი ვერ გადაიხდიან ჯარიმას.
მოქმედი წესის თანახმად, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საქმეში ერთვება აღსრულების ბიორო და აღმასრულებელი იწყებს პირის ქონების მოძიებას. შემდეგ ეს ქონება აღიწერება, დაყადაღდება, შეფასდება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება იძულებითი აუქციონი.
ანალოგიური პროცედურა შეეხო ცალკე საქმეს, რომლითაც 74.32 მილიონი ლარის ჯარიმა პირადად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, ეროვნული აღსრულების ბიურომ 26 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის ორ ბანკში მისი კუთვნილი აქციები დააყადაღა.