ახალი ამბები

ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ევროკომისარი საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომი ბრიუსელში 4 ივნისის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: ევროკომისია

საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი დაიწყეს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა, განაცხადა ევროკომისიამ 4 ივნისს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის შეხვედრა 4 ივნისს ბრიუსელში.

„ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის მართვას, მიგრაციას, გადაადგილებას  და თავშესაფარს, ასევე სხვა საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა, უმცირესობების დაცვა და ასევე ანტი–დისკრიმინაცია, რაც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაადგილება უსაფრთხო და კარგად ორგანიზებულ გარემოში მოხდეს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეს–რელიზში.

მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტი იქნება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა – დეტალური მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

ევროკომისიის ცნობით, საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას წელს მოგვიანებით წარადგენს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ ჩვენს დიდი ხნის მზადყოფნას გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის“, – განაცხადა  ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა, „რა თქმა უნდა, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში. ის აღიარებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ განახორციელა სხვადასხვა სფეროებში, რომელთაც ევროკავშირთან მომავალ უვიზო მიმოსვლასთან აქვს კავშირი, და შემდგომ სტიმულს წარმოადგენს საქართველოსთვის, რათა ეს რეფორმები განახორციელოს“.

ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულებები გააჩნია.

სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის, საქართველოს ევროკავშირის სახელმწიფოების საკონსულოებში ვიზებზე უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად. უარის თქმის მაჩვენებელი 2007 წელს 10.8%–ის და შარშან 15.3%–ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2009 წელს 17.2%–იან პიკს მიაღწია.    

კითხვაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით მალმსტრომმა განაცხადა: „ჩვენ მოგვიანებით ცვლილება დავინახეთ ამ ტენდენციაში“.

„მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია კლებას განაგრძობს და დღეს [ვიზების ლიბერალიზაციაზე დიალოგის] დაწყება მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც უზრუნველყოფს, რომ [უარის თქმის] მაჩვენებლები კვლავაც შემცირდება“, – განაცხადა მალმსტრომმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებების დაწყება „ძალიან ძლიერი სიგნალია“ იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავოს.

„ამრიგად, ვიმედოვნებ, რომ ეს [უარის თქმით მაღალი მაჩვენებელი] შეიცვლება და ამას სტატისტიკურადაც ძალიან მალე დავინახავთ“, – განაცხადა მან. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე იქნება მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ, რომელიც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმას აამოქმედებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button