
თურქეთის 12 მოქალაქე ბრალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევაში
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ 26 აპრილს ფოთში ორ ცალ-ცალკე ეპიზოდში თურქეთის სულ 12 მოქალაქე დააკავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე და პასუხისგებაში მისცა.
გირაოს სახით დაკისრებული 3–3 ათასი ლარი ყველა მათგანის მიერ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური 30 აპრილს იტყობინება, რომ თურქეთის ხუთმა მოქალაქემ 2012 წლის 22 თებერვალს და 2 მარტს თურქეთის დროშით მცურავი გემით "ISIK-3"; ხოლო შვიდმა მოქალაქემ – 13 და 25 იანვარს ასევე თურქეთის დროშით მცურავი გემით „AYSE AKANSU“ „ჯგუფურად დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის, პიცუნდის [ბიჭვინთა] საზღვაო რაიონში“.
კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან სპეციალური ნებართვის გარეშე ამ რეგიონებში შესვლას კრძალავს. ამ წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2–დან 4–წლამდე, მაგრამ თუ ეს ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, ამ შემთხვევაში 3–დან 5–წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.