
“ქართული ოცნება” მაისში ‘ხალხმრავალ აქციას’ გეგმავს
ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ მაისში საარჩევნო კამპანიას ხალხმრავალი აქციით დაიწყებს, აღნიშნა კოალიციამ 27 აპრილს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
„პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
„კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ.თბილისის მერიას. საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების ადგილისა და დროის თაობაზე უახლოეს დღეებში გაცნობებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კოალიცია „აუცილებლად“ გამართავს აქციებს თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. მისი თქმით, „ფობიები“ ქუჩის აქციების თაობაზე გაუგებარია და დასძინა, რომ აქციები ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის ნორმალური შემადგენელი ნაწილია.