
სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე Agile Spirit–ის წვრთნებს დაესწრო
აშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალები აშშ–ის და საქართველოს ეროვნულ ჰიმნებს უსმენენ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი სწავლების Agile Spirit–ის დაწყების ცერემონიაზე, 12 მარტი. აშშ–ის საზღვაო ქვეითთა ძალების ფოტო.
პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც აშშ–საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს დაესწრო.
Agile Spirit 2012, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა და მას „პროვოკაციული“ უწოდა, ყოველწლიური სამხედრო მომზადებაა, რომელიც აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ასევე მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის გადიან წვრთნებს.
სწავლება ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას.
400 ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა „მსოფლიოს საუკეთესო ჯართან და საუკეთესო შენაერთთან ერთად“, განაცხადა სააკაშვილმა საჩვენებელ წვრთნებზე დასწრების შემდეგ.
„ყოველ ასეთ ვარჯიშს, ყოველ ასეთ ურთიერთქმედებას აქვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ისევე, როგორც იმას, რომ რამდენიმე ათასმა ჩვენმა ჯარისკაცმა გაიარა ავღანეთის სკოლა“, – განაცხადა მან.
„თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება, თან ისეთ რეგიონში, როგორშიც ჩვენ ვართ, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის ავღანეთში ყოფნა და იქ გაღებული მსხვერპლი, იმ ჯარის ფასი არის კაპიკი. ჯარს უნდა ჰქონდეს საბრძოლო გამოცდილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით, სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამაგრების, საბრძოლო ტექნიკის წარმოების მხრივაც“, – განაცხადა მან.
„ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ტერიტორიული თავდაცვის სისტემა, მაქსიმალურად მიახლოებული იმასთან, რაც აქცთ შვეიცარიელებს, შვედებს; ერთი სიტყვით, გავითვალისწინებთ საუკეთესო ევროპულ მაგალითებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ის მწარე გამოცდილება, რომელიც გვქონდა გასულ წლებში და ამიტომ, ყოველგვარი ხმაურის, ტრაბახის, პიარის გარეშე ვაგრძელებთ განვითარებას ჩვენი თავდაცვითი შეიარაღებული ძალების“, – დასძინა მან.
Agile Spirit–ის პირველი ერთობლივი წვრთნა შარშან ივლისში ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა და მასში 350–მა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა მიიღო მონაწილეობა.
This post is also available in: English Русский