
საქართველოს პატრიარქი მოსკოვს სტუმრობს
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, 18 ნოემბერი. ფოტო: რუსეთის პატრიარქის ვებ–გვერდი.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქის კირილის 65 წლის იუბილეს აღსანიშნავად 18 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა.
ვნუკოვოს აეროპორტში საქართველოს პატრიარქს რუსული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები და ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და რუსეთის პატრიარქები კვირას მოსკოვის მაცხოვრის კათედრალურ ტაძარში ერთობლივ წირვას აღავლენენ, ხოლო დღეს დაგეგმილია ორი პატრიარქის შეხვედრა.
„ჩვენ გვექნება საუბარი ურთიერთდამოკიდებულებაზე რუსეთის და საქართველოს ეკლესიას შორის; ასევე იქნება განხილული აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი; შეხვედრა იქნება [მოსკოვში მცხოვრებ] ქართველებთან… და ასევე აფხაზებთან“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა მოსკოვში გამგზავრებამდე.
ბოლოს ორი პატრიარქი ერთმანეთს კიევში 2011 წლის ივლისში შეხვდა.
This post is also available in: English Русский