ახალი ამბები

პროკურატურამ ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

28 ივნისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით.

“საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6–დან 9 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, რომელსაც მესამე მოსმენით უახლოეს ხანებში დაამტკიცებს პარლამენტი, აღნიშნული მუხლი ყალიბდება, როგორც "უკანონო ფორმირების" შექნა ან ხელმძღვანელობა და 6–დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული ეს ცვლილებები ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც მაისის საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე გამკაცრება კანონმდებლობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  23 ივნისს განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირში მყოფი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელსაც მაისის ბოლოს გამართული საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების დროს მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა.

დაკავებულ რვა პირს, რომელთაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ქართულმა პარტიამ ამ ბრალდებებს "ფალსიფიცირებული" უწოდა და განაცხადა, რომ მის აქტივისტებს პოლიციამ დაკავებისას სახლებში იარაღი ჩაუდო.

ოქრუაშვილმა განაცხადა მაისში, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდა სააკაშვილის რეჟიმის დასამთავრებლად, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეცვალა.

ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წლიდან, როდესაც ის ოპოზიციაში წავიდა, საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. საქართველოში მას 2008 წლის მარტში დაუსწრებლად 11–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

“ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ეროსი კიწმარიშვილმა, 28 ივნისს განაცხადა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ნაბიჯს წინ უძღვოდა ”ფსევდო-ოპოზიციური, ხელისუფლების სატელიტი პარტიების მოწოდება ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ.”

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 30-იან წლების ’აღშფოთებული’ საბჭოთა მოქალაქეების მოთხოვნებს, რომ სამაგალითოდ დაესაჯათ და გაესამართლებინათ ტროცკისტები და სხვა ’ანტისაბჭოთა ელემენტები’,” – განაცხადა კიწმარიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button