ახალი ამბები

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 173.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

"საქსტატის" მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2011 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა და 173.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,  2010 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 75 მილიონი აშშ დოლარის ნაცვლად.

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 27 ივნისს, რომ ეს "დამაიმედებელი“ და "ძალიან პოზიტიური ციფრია“.

2011 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიციები კვიპროსიდან შემოვიდა –  41.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით; შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 28.7 მილიონი აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 25.1 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 19.8 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი – 13.9 მილიონი და აზერბაიჯანი – 11.7 მილიონი აშშ დოლარი. "საქსტატის" ინფორმაციით, 19.6 მილიონი აშშ დოლარი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან შემოვიდა, რომელიც ოფშორული ზონაა.

2011 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი, 82.8 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 47%) მრეწველობის სფერომ მოიზიდა; შემდეგ მოდის ფინანსური სექტორი – 39.8 მილიონი აშშ დოლარი (22.9%); ენერგოსექტორი – 19.9 მილიონი აშშ დოლარი (11.5%); მშენებლობა – 14.4 მილიონი აშშ დოლარი (8.3%); უძრავი ქონება – 7 მილიონი აშშ დოლარი (4.1%); რესტორები და სასტუმროები – 3.4 მილიონი აშშ დოლარი (2%).

This post is also available in: English Русский

Back to top button