skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სამი ახალი დიპლომატიური წარმომადგენელი დაამტკიცა

პარლამენტმა 24 ივნისს საქართველოს სამი ახალი დიპლომატიური წარმომადგენელი დაამტკიცა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც იმავდროულად ფარავს ვიეტნამსა და მონღოლეთს,  მამუკა გამყრელიძე გახდა. გამყრელიძე, რომელიც უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ბიზნესში მოღვაწეობდა, ბოლო დროს „რუსთავი 2“–ზე შოუს „ვის უნდა 20 ათასი“–ის წამყვანი იყო. 2010 წლიდან ის საკაბელო მაუწყებლობის კომპანია "გლობალ მედია ჯგუფის" (GMG) დირექტორია; 2011 წლის მარტის მდგომარეობით ის ამავე კომპანიის 85%–ის მფლობელია. GMG-ის დარჩენილ 15%–ს შპს „ახალი მედია ჯგუფი“ ფლობს, რომლის მფლობელიც ლევან ყუბანეიშვილია.

დანიის სამეფოში საქართველოს ახალ ელჩად კარიერული დიპლომატი ნიკოლოზ რთველიაშვილი იქნა დამტკიცებული, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. დანიის საელჩო ასევე ფარავს ნორვეგიასა და ისლანდიას.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში განთავსებულ გაეროს ორ სააგენტოში – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დამტკიცებას. ამ სააგენტოებში მუდმივ წარმომადგენლობას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ითავსებდა.

გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 2009 წლის ნოემბერში მას შემდეგ ცნო, რაც ასეთი შესაძლებლობა სპეციალური საკონსტიტუციო ცვლილებით შეიქმნა მათთვის, ვინც პარლამენტში შესვლაზე 2008 წლის არჩევნების „გაყალბების“ მოტივით პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა. ათი ოპოზიციონერიდან ამ შანსით მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიამ ისარგებლა.

გამსახურდიამ 24 ივნისს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი პარლამენტში შესვლის მიზანი იყო მამის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დადგენა იმ დროებითი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, რომელსაც ის 15 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომელმაც პროკურატურას თავის საბოლოო დასკვნაში საქმის ხელახალი გამოძიებისაკენ მოუწოდა.

გამსახურდია 2004 წლამდე, ვიდრე საქართველოში დაბრუნდებოდა და პარტიას დააფუძნებდა, შვეიცარიაში ცხოვრობდა. მისი განცხადებით, ახალი თანამდებობის გამო ის დეპუტატობასთან ერთად უარს იტყვის ასევე პარტია "თავისუფლების" თავმჯდომარეობაზეც.

This post is also available in: English Русский

Back to top button