ახალი ამბები

ბაიდენი სააკაშვილს შეხვდა


პრეზიდენტი სააკაშვილი და აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რომში, 1 ივნისს
გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდი. 

საქართველოში უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხები, ასევე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იყო განხილული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის რომში, 1 ივნისს გამართული შეხვედრის დროს, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ბაიდენი და სააკაშვილი რომში იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან.

ბაიდენმა და სააკაშვილმა ”შეხვედრისას განიხილეს საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ის საკითხები, რომლებიც [საქართველოსა და აშშ-ის] საერთო ინტერესებს წარმოადგენს,” – ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-რელიზში.

”ვიცე-პრეიზდენტმა ბაიდენმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ვიცე-პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილს მადლიერება გამოუხატა იმ ახალი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში [ISAF] შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატო-ს არაწევრ სახალწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის,” – განაცხადა თეთრმა სახლმა.

იქვე ნათქვამია, რომ ბაიდენმა ”ასევე გამოხატა მხარდაჭერა შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი.”

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე 2 ივნისს დაგეგმილი ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შუამავალი მხარის, შვეიცარიის, თხოვნით გაურკვეველი დროით გადაიდო, რის მიზეზადაც "ტეკნიკური" საკითხების მოგვარება დასახელდა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა რომ ეს ”ძალიან თბილი შეხვედრა” იყო, რომლის დროსაც ”ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი” იქნა განხილული.

ბოკერია, სააკაშვილსა და ბაიდენს შორის შეხვედრას, ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძესთან ერთად ესწრებოდა.

გორდაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაიდენმა საქართველოს რეფორმებისადმი სრული მხარდეჭერა გამოხატა. მისი თქმით, ბაიდენის და პრეზიდენტ ობამას პოზიციაა, რომ რუსეთმა ვმო-ში გაწევრიანების საკითხი საქართველოსთან უნდა მოაგვაროს და რომ ამ მხრივ არავინ, არც აშშ და არც სხვა რომელიმე ქვეყანა თბილისზე ზეწოლას არ განახორციელებენ. ”ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა გორდაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button