ახალი ამბები

აშშ 26 მაისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა საქართველოს გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებების მშვიდობიანად გამოხატვის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, პატივი უნდა სცენ. და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,“ – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 27 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას სთხოვეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გაეკეთებინა კომენტარი.

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა 26 მაისს, საპროტესტო აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში, რომ იგი შეაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ინდივიდუალურმა სამართალდამცავებმა "პოტენციურად გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენეს.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეს ბრალდებები სერიოზულად გამოიძიოს,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე დასწრების შემდეგ.   
 
25 მაისს გაკეთებული განცხადების მსგავსად, ბასმა კვლავ გაიმეორა, რომ "საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული პროტესტის მშვიდობიან გამოხატვაში, არამედ ძალადობრივი კონფრონტაციისკენ ისწრაფვოდნენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button