ახალი ამბები

ვაშაძე მოსკოვის “იმედგაცრუებულ“ შეფასებებზე

თბილისში საპროტესტო აქციის დაშლაზე რუსეთის საგარეო უწყების რეაქცია იყო "ერთადერთი იმედგაცრუებული ხმა იმ ობიექტურ შეფასებებში, რომელიც ყველა დედაქალაქიდან გაისმა,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

“იმიტომ რომ ის დაგეგმილი, მოფიქრებული, დაფინანსებული, ორგანიზებული პროვოკაცია, რომელიც უნდა მომხდარიყო საქართველოში, არ მოხდა,“– განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 26 მაისს განაცხადა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები, რომლის დროსაც პოლიციელები მოქმედებდნენ "განსაკუთრებული სისასტიკით“, საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას გამოძიებული; ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომხდარს საკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი ქვეყნების დედაქალაქებში ობიექტურად შეაფასებენ.  

"მინდა დავაწყნარო ბატონი ლუკაშევიჩი, კიდევ ბევრჯერ ალბათ მოუწევთ ამისთანა განცხადებების გაკეთება, იმიტომ, რომ ის დრო, როდესაც მოსკოვიდან იგეგმებოდა საქართველოში გადატრიალებები და მოსკოვიდან დანიშნული უშიშროების მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრები და შინაგან საქმეთა მინისტრები თბილისში ინიშნებოდნენ, ეს დრო სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას,“– განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველოს "სამართალდამცავი ორგანოები სრულიად ადეკვატურად მოქმედებდნენ“, მას შემდეგ, რაც "არასანქცირებული მიტინგი გადაიზარდა წესრიგი დარღვევის და სამართლებრივი დარღვევის ფაქტში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button