სააკაშვილი: პოლიციის რეფორმა არის მთავარი სიმბოლო ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის
პოლიციის აღლუმში მონაწილე კობრას ტიპის ჯავშანმანქანები,
6 მაისი, ბათუმი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის რეფორმა არის საქართველოში ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის მთავარი სიმბოლო, რომელსაც "ძალიან ბევრი ხალხი შენატრის“ რეგიონის ბევრ ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში.
“ამდენი საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტ–საბჭოთა სივრცეზე, შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძველი, ეს პირველ რიგში არის თქვენი დამსახურება,“– მიმართა მან ბათუმის ბულვარში შეკრებილ სამართალდამცავებს, რომლებმაც აღლუმით აღნიშნეს ერთი წლის წინ დაწესებული პროფესიული დღე.
სააკაშვილის განცხადებით, პოლიციის დამსახურებაა ასევე ისიც, რომ ეკონომიკა ვითარდება და "ის, რომ დარწმუნებული ვართ ჩვენს მომავალში“.
“პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც გავატარეთ, იყო მშობელი ყველა სხვა რეფორმის და ჯერ–ჯერობით ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის,“– განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლიცია "შეტევის“ მთავარი სამიზნეა მათთვის, ვისაც სურს საქართველო დააბრუნოს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის დროში.
"როგორი მტერიც არ უნდა გვყავდეს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიოს, როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ძალიან ორგანიზებული, ჩვენ მაინც უფრო მეტად ორგანიზებული ვიქნებით სულიერად, სიმტკიცით… და გვექნება ჩვენი ღირსება,“– აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.
მისი თქმით, პოლიციას დღეს "ზოგადსახელმწიფოებრივი“ ფუნქცია აკისრია, რაც იმაზე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
“თუმცა ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც საქართველოში დღეს არის რამდენჯერმე ნაკლები დანაშაული, ვიდრე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელში და ვიდრე, ზოგადად, პოსტ საბჭოთა სივრცეში. საქართველოში არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე არის გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში,“– განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, „კორუფციისგან მთლიანად თავისუფალი“ პოლიცია, განსხვავებით წინა პოლიციისგან, ემსახურება ხალხს და "ამიტომ ხალხი პასუხობს სიყვარულით“, როგორც "თავის თავის და სამშობლოს დამცველებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)