skip to content
ახალი ამბები

ქართული პარტია აქციებს ორშაბათიდან იწყებს

9 მაისს კახეთის რეგიონიდან დაიწყება „ძალიან სერიოზული" აქციები "სააკაშვილის რეჟიმის უსწრაფესად შესაცვლელად“, განაცხადა დღეს ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა.

“პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს,“– განუცხადა მან "პალიტრა TV”-ს, "ჩვენ ვიწყებთ აქციას ამ რეჟიმის შესაცვლელად. აქციები იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, იქნება ქალაქ თბილისში, იქნება თემატური, იქნება მასშტაბური, იქნება მცირემასშტაბური, იქნება ძალიან მრავალფეროვანი“.

ქართული პარტიის მსგავსად, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მომხრეა ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო და მისი სახალხო კრება, რომელმაც ორშაბათს საპროტესტო გამოსვლების დაწყების თარიღად 21 მაისი გამოაცხადა.

ეროსი კიწმარიშვილმა თავი აარიდა პირდაპირ ეპასუხა კითხვაზე შეუერთდება თუ არა ქართული პარტია სახალხო კრების აქციებს.

"მივალთ თუ მოვლენ, ამას გადავწყვიტავთ უახლოეს მომავალში ქართველ ხალხთან ერთად,“– განაცხადა მან და დასძინა: "ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი ნებისმიერი ჯგუფის მცდელობაზე, რომ ეს რეჟიმი შეცვალოს“, მაგრამ "ქართული პარტიის გარეშე საქართველოში ხვალინდელი დღე არ იქნება“. 

“ჩვენ არ ვთვლით რომ ვინმესთან კარი არის დახურული, გარდა იმ ძალებისა, რომლებიც წარმოადგენენ კოლაბორაციონალისტებს,“– აღნიშნა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button