ახალი ამბები

ლავროვის თქმით, მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობებში “პრობლემები” არ არის

მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში "პრობლემები“ არ არის, თუმცა არის "საკითხები“, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს, სოხუმში სტუმრობის დროს.

“პრობლემებს მე ვერ ვხედავ. მე ვხედავ იმ საკითხებს, რომლებიც ბუნებრივად წარმოიქმნება და მოითხოვს გადაწყვეტას, როცა მსოფლიო რუკაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩნდება,“– განაცხადა, "აფსნიპრესის“ თანახმად, ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეს საკითხები უკავშირდება რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენისა და ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის თემებს.

“ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან ეს საკითხები მოგვარებული,“– განაცხადა ლავროვმა, "და ის, რომ ჩვენ უკვე აქტიურად ვართ დაკავებული ამით, მეტყველებს ჩვენი კონტაქტების ინტენსიურობაზე, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის სახელმწიფოს სწრაფ, სრულფასოვან ქცევაზე მეზობლად, მეგობრად და მოკავშირედ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. ამ სფეროში ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში უკვე გაკეთებული ნამდვილად შთამბეჭდავია. ასეთივე ტემპებით ვიმოძრავებთ შემდეგშიც“.

მან მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ გამოავლინა "პოლიტიკური ნება“ ქონებრივი დავების მოსაგვარებლად.

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონებრივ საკითხებზე მომუშავე კომისიაში შეტანილი 46 განაცხადიდან, მხოლოდ 6 იქნა საფუძვლიანად მიჩნეული და სასამართლოებში გადაგზავნილი.

ლავროვის განცხადებით, სოხუმთან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხითაც, "მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“,  რაც მისი თქმით, "მდგრად ფორმატად“ ჩამოყალიბდა.

ლავროვის ინფორმაციით, ხელმოსაწერად მზადდება 40 შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროებში. სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმს მას შემდეგ ეწვია, რაც 25 აპრილს ჯერ ცხინვალს სტუმრობდა.

თბილისმა დაგმო ლავროვის ჩასვლა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, როგორც "ოკუპანტი სახელმწიფოს“ მცდელობა "მის მიერვე მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას [აღიარების თაობაზე] შესძინოს ლეგიტიმაცია“.

"ასეთი ლეგიტიმაციის შეძენა უკანონო გადაწყვეტილებისთვის ვერ მოხერხდება, ეს არის მათი მხრიდან მცდელობა, რომელიც წარუმატებელი დარჩება,“– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 26 აპრილს და იქვე დასძინა, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი აჩვენებს "ძალიან ცინიკურ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ“.
 
ცხინვალში სტუმრობის დროს ლავროვმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "სამხედრო პროვოკაციებს“, ვინაიდან "თბილისის ამჟამინდელი რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

"ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საიმედოდ დავიცვათ სამხრეთ ოსეთის საზღვრები და მზად ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ისევ მოუნდება 2008 წლის აგვისტოს დანაშაულის ჩადენა,“ – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამ განცხადებას "ძალიან ცინიკური“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულება ცალმხრივად აიღო.

“სწორედ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მოწოდებისა და მოთხოვნის მიუხედავად უარს აცხადებს ამ ტიპის განაცხადი თავის მხრივ გააკეთოს და ეს ვალდებულება თავის თავზე აიღოს,“ – განაცხადა კალანდაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button