ახალი ამბები

სააკაშვილი სამი სახის ოპოზიციურ ძალებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 აპრილს, რომ საქართველოში სამი სახის ოპოზიციური ძალა არსებობს – ერთს იმედი აქვს, რომ რუსული არმია დაიპყრობს საქართველოს, მეორე "ისტერიულ“ განცხადებებს აკეთებს დემოკრატიის არარსებობასთან დაკავშირებით, ხოლო მესამე ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დებატებში მონაწილეობს.

"ჩვენ რამდენიმე სახის პოლიტიკოსი გვყავს საქართველოში. დღესაც არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ხალხი [თბილისში], რომელთაგან ზოგი შარვალშია და ზოგი ქვედაბოლოში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ვინაიდან ამ პოლიტიკოსებს ხალხის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ, ისინი მხოლოდ რუსეთის იმედად არიან და ელოდებიან, როდის აიღებენ რუსული ძალები თბილისს.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს და თავიანთი პარტიების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ნაკლებობას იმით ხსნიან, რომ სამაუწყებლო მედია მათთვის მიუწვდომელია, როცა "ტელევიზიის ღია ეთერში დღე და ღამე, ისტერიულად ყვება, თუ როგორ არ უშვებენ მათ ეთერში“.

სააკაშვილის თქმით, ეს პარტიები თავიანთი არაპოპულარობის რეალურ მიზეზს ვერ ხედავენ.

"თავის არაპოპულარობას ხსნის იმით, რომ ტელევიზიით არ ალაპარაკებენ და არა იმით, რომ წინააღმდეგია რაიონებს ქვეყნის პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავდეს და ვინ იყოს პარლამენტში, ეს რამდენიმე პოლიტიკურ ოფისში უნდა გადაწყდეს. ჩვენი ხალხი რაიონებში ცხოვრობს – თბილისისა და რუსთავის რაიონებში, ასევე მხარეების რაიონებში და ა.შ. ამ წინადადების შემდეგ, შესაძლოა, მათ  მომხრეები აღარ ჰყავდეთ და ხმა აღარ მისცენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

მას მხედველობაში ჰქონდა საარჩევნო სისტემაზე არსებული უთანხმოება მმართველ პარტიასა და "ოპოზიციურ რვიანს" შორის. ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის არსებული წესის შეცვლას მოითხოვდა, რასაც მმართველი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ბოლო შემოთავაზებაში ოპოზიცია დათანხმდა არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე, თუმცა იმ პირობით, რომ პროპორციულ არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტულმა მაჩვენებელმა განსაზღვროს ამა თუ იმ პარტიის მანდატების – როგორც მაჟორიტარულის, ისე პარტიულის –  ერთობლივი რაოდენობა პარლამენტში.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპონენტების მესამე კატეგორია "ყველაზე საშიშია“ მმართველი პარტიისთვის, თუმცა კარგი ქვეყნისთვის.

"გაჩნდნენ ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ხალხისთვის საინტერესო ყველა საკითხზე ლაპარაკობენ და საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ მთავრობას. მინდა გითხრათ, რომ მმართველი მთავრობისთვის ეს, მესამე კატეგორია ყველაზე საშიშია ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არის ყველაზე კარგი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"პირადად მე ამითაც ვამაყობ, რომ ასეთი პოლიტიკური კლასი თანდათან ჩნდება საქართველოში, როგორც მთავრობის შიგნით, ისე მის გარეთ,“ – განაცხადა მან.

მან ეს განცხადება პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის 22–ე წლისთავს მიეძღვნა. 9 აპრილს ასევე აღინიშნა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავი. 

"ამ 20 წელიწადში ჩვენ, როგორც ერმა, დავუშვით ყველა შესაძლო შეცდომა, ავფეთქდით ყოველ დადებულ ნაღმზე, თავი გავყავით თითოეულ დაგებულ ხაფანგში, მაგრამ, ამავე 20 წლის განმავლობაში, მოვახერხეთ  ყველა შეცდომის ისე გამოსწორება, როგორც შეუძლია ყველა ცალკეულ ერს… მართლაც პრაქტიკულად  სასწაული მოვახდინეთ. ჩვენ სწორ გზას დავადექით. ჩვენ დავიწყეთ საბჭოთა  მემკვიდრეობის გადალახვა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. 

"დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო მაშინ, გრძელდება დღეს და ჩვენ ბევრად უფრო შორს ვართ ამ ბრძოლაში წასული, ვიდრე ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა ერი. ჩვენ მოვახერხეთ წარმოუდგენელი დაბრკოლებების გადალახვა; ჩვენ მოვახერხეთ მენტალიტეტის ფუნდამენტურად შეცვლა. რა თქმა უნდა, ეს არის იდეების ბრძოლა. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს და ერის სიძლიერე იზომება არა ტანკების ან ფულის რაოდენობით, არამედ ერთიანობით, სიჯანსაღით, თავისუფლებისა და შეკრულობის ხარისხითა და იდეებით,“ – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button