ახალი ამბები

ვაშაძე ბაქრაძის ისრაელში გადადებულ ვიზიტზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 16 მარტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის გადადებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ორმხრივ ურთიერთობებზე; თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი "არ არის გაუქმებული, ეს ვიზიტი არის გადადებული“.

ისრაელის მედია იტყობინებოდა ქნესეთის თავმჯდომარის აპარატზე დაყრდნობით, რომ ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ რივენ რივლინმა თავის ქართველ კოლეგას დავით ბაქრაძეს ვიზიტის გადადება სთხოვა იმ „შიდა და გარე პოლიტიკური გარემოებების გამო, რომლებიც ხელს უშლის ვიზიტს“,  ასევე იმის გამო, რომ ისრაელის ბიზნესმენის რონ ფუქსის ბედი, რომელიც საქართველოში მოქრთამვის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული და რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, “ისრაელის ბევრ მოქალაქეს აწუხებს და რომ საზოგადოებრივმა ზეწოლამ ამ საკითხზე იგი იმის გაცნობიერებამდე მიიყვანა, რომ ეს დრო შეუფერებელია ისრაელში ოფიციალური ვიზიტისთვის“.

„გავლენას [ორმხრივ ურთიერთობებზე] ეს იქონიებს იმდენად, რამდენადაც არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენ ურთიერთობებს, მაგრამ ეს ვიზიტი არ არის გაუქმებული. ეს ვიზიტი არის გადადებული,“ – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს, როდესაც მათ ამ საკითხზე კომენტარი სთხოვეს, „რაც შეეხება მიზეზს, მე თვითონ ისრაელის პრესაში ექვსი სხვადასხვანაირი მიზეზი ვნახე სპიკერის გადატვირთული გრაფიკიდან დაწყებული პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული“.

რონ ფუქსი, რომელმაც ხანგრძლივი, 98.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის  კომერციული დავა მოიგო საქართველოსთან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, და მისი პარტნიორი, ზეევ ფრენკიელი ქართველმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ხვდებოდნენ. მათ ბრალი ედებათ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზებაში. ამის სანაცვლოდ, გამოძიების ინფორმაციით, ისინი ითხოვდნენ „საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას“, რათა ამ უკანასკნელს არ გაესაჩივრებინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესი საბოლოო  ფაზაში შედის. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გამართულ ზედიზედ ოთხ პროცესზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძე დაიკითხა.

მან უთხრა სასამართლოს, რომ მთავრობამ საკითხის მოგვარების მიზნით ფუქსთან მოლაპარაკება დაავალა. ხარაიძემ განაცხადა, რომ ზეევ ფრენკიელმა, რომლის საშუალებითაც იგი შემდგომში რონ ფუქსს დაუკავშირდა, თავდაპირველად მას ქრთამის სახით 5 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა თბილისში, სექტემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, იგივე შესთავაზეს ფრენკიელმა და ფუქსმა 15 სექტემბერს სტამბულის სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარული ვიდეოჩანაწერიც გაკეთდა. ეს ვიდეომასალა ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა, რომლის საქმიდან ამოღებასაც დაცვის მხარე  იმ მოტივით ითხოვს, რომ ის უკანონოდ იქნა მოპოვებული; თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ისევე როგორც უარი თქვა იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც დაცვის მხარე პრემიერ–მინისტრის ნიკა გულაურის დაკითხვას ითხოვდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ფუქსი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან ოფიციალური მოწვევის წერილი მიიღო, სადაც იგი ბიზნესმენს საქართველოში ეპატიჟებოდა მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გილაურის მიერ გაგზავნილი "ოფიციალური მოწვევა“ საქართველოს ხელისუფლების იმ "გეგმის“ ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ფუქსის საქართველოში შემოტყუებას მრავალმილიონიან დავაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის მოტივით, რათა შემდეგ დაეპატიმრებინათ იგი "გამოგონილი ბრალდებებით“ და აეძულებინათ უარი ეთქვა იმ თანხაზე, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს დააკისრა მისი და მისი ბერძენი პარტნიორის სასარგებლოდ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ავთანდილ ხარაიძემ განუცხადა სასამართლოს, რომ იგი თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან და არაფერი იცის ამ საქმეში ან პრემიერ–მინისტრის სავარაუდო მონაწილეობის ან მისი ოფიციალური მოწვევის შესახებ.

ფუქსი სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს. 

მეორე ბრალდებულმა ზეევ ფრენკიელმა უთხრა სასამართლოს, რომ ხარაიძისთვის ქრთამი არ შეუთავაზებიათ. მისი თქმით, მათ შესთავაზეს საქართველოს მთავრობას – და არა პირადად ხარაიძეს – რომ გადეხადათ 72 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 7 მილიონ აშშ დოლარს მთავრობას უკან დაუბრუნებდნენ. მან განაცხადა, რომ ეს იყო წინასწარი გარიგება, რომელიც ხარაიძესთან იქნა მიღწეული – პიროვნებასთან, რომელიც მთავრობას წარმოადგენდა. მისი თქმით, ფუქსს სურდა საბოლოო დეტალები პირდაპირ პრემიერ–მინისტრ გილაურთან შეეთანხმებინა, რომლისგანაც მან მოწვევის წერილი მიიღო და სადაც მას სთხოვდა ჩამოსულიყო საქართველოში, რათა საბოლოოდ მოეგვარებინათ საკითხი.

სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით არგუმენტებს 21 მარტს მოისმენს, ხოლო შემდეგ დაცვის მხარეს მოუსმენს, რისი თარიღიც ჯერ არ არის განსაზღვრული; ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button