დაზვერვის სამსახურის უფროსი აშშ–ში “კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ იმყოფება
გელა ბეჟუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის 1 თებერვალს, როცა ბეჟუაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ფოტო: ინტერპრესნიუსი |
დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი აშშ–ში „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ იმყოფება, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ის „ჩვეულებრისამებრ გააგრძელებს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას“, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
ამით მან უარყო გავრცელებული არაოფიციალური ცნობები გელა ბეჟუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
“ის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში,“– განმარტა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ბეჟუაშვილი საქართველოში მაქსიმუმ თვენახევარში დაბრუნდება.
გელა ბეჟუაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსად 2008 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე, ის 2005 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში, 2004 წელს მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და ასევე თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა. 2000–2003 წლებში იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 1991–2000 წლებში საგარეო უწყებაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები.
გელა ბეჟუაშვილის ძმა, მმართველი პარტიის დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანიების”რუსთავი 2”–სა და ”მზე”–ს თანამფლობელია, მრავალპროფილიანი, მათ შორის ტყიბულის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა.
ტყიბულის მაღაროში იანვარში მომხდარი ბოლო მსხვერპლიანი აფეთქების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადანაშაულა მაღაროს მფლობელები უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაში და შარშან მომხდარი მსგავსი ტრაგედიების რეალური მიზეზების დამალვაში. ამ განცხადებას მოჰყვა საშუალო რგოლის ორი მენეჯერის დაკავება, რომლებიც გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების ნორმებზე იყვნენ პასუხისმგებლები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)