პატრიარქი: ”ცუდზე უარესი” და ”ანტიეროვნული” სატელევიზიო გადაცემა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან”, რომელშიც ეკლესიაში მიმდინარე პროცესების კრიტიკული განხილვა გაიმართა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა, რომელმაც გადაცემას ”ცუდზე უარესი” და ”ანტიეროვნული” უწოდა.
16 დეკემბრის გადაცემაში საუბარი იყო წერილზე, რომელიც უცნობმა ავტორმა ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელა და რომელშიც საუბარია წმინდა სინოდის დაგეგმილ კრებაზე, რომელზეც, სავარაუდოდ, უნდა განიხილონ ეპარქიების დაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საკითხი. წერილის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების გატანას ცდილობს ილია მეორეს ძმისშვილი, ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი, რათა სინოდში მისთვის სასურველი მღვდელმთავრების შეყვანის გზით პოზიციები გაიმყაროს, რაც მას მომავალში მისცემს საშუალებას თავად გახდეს პატრიარქი.
ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს თავის გადაცემაში სტუმრად თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ყავდა, რომელმაც ამ საკითხის გარდა ასევე ისაუბრა მის დამოკიდებულებაზე ეკლესიაში არსებულ, როგორც თავად თქვა, ”ობსკურანტულ გარემოზე”, ასევე ეკლესიაში არსებულ ”ანტი-დასავლურ, ანტი-ლიბერალურ და პრო-რუსულ განწყობებზე.”
იმავე გადაცემის მეორე სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია, რომელმაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე ზოგადად ისაუბრა და ასევე შეეხო რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელია – აღნიშნული ასევე გახდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკის საგანი.
”ეს [პირველი არხის გადაცემა] იყო – მე ვერ ვიტყვი რომ ცუდი – ცუდი კი არა, ცუდზე უარესი გადაცემა,” – განაცხადა ილია მეორემ 17 დეკემბრის ქადაგებაში, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემაზე საუბარს დაუთმო.
”მე პოლემიკაში და კამათში კი არ მინდა შევიდე. მე მინდა ვუთხრა ყველას და მათ, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ. ეს იყო კრიტიკა ეკლესიისა, ეს იყო კრიტიკა სინოდისა და პატრიარქისა. ამით მოგვილოცეს ჩვენ ბარბარობა,” – განაცხადა ილია მეორემ.
მისი თქმით, მას აფიქრებს ის ფაქტი, რომ ეს გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გავიდა, რომელიც მან მოიხსენია როგორც ”სახელმწიფო ხელისუფლების არხი.”
”თუ ეს ხელისუფლების დავალებით არის – მთლად უარესი და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება,” – განაცხადა მან.
თუმცა ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ ეს გადაცემა თავად ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე ეკლესიის საზიანოდ.
”მე მაწუხებს ერთი რამ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანები და ეს პიროვნებები ცდილობენ, რომ ჩაუნერგონ ჩვენს მოსახლეობას რაღაც ცუდი განწყობილება ხელისუფლების მიმართ,” – განაცხადა მან.
”ფაქტიურად ეს გადაცემა იყო ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ეკლესიის წინააღმდეგ.”
”მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისათვის. ამით ისინი აკეთებენ იმ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ღმერთი იცავს საქართველოს,” – განაცხადა ილია მეორემ.
”ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ადამიანები, ზოგიერთი, ჭრის იმ ტოტს, რომელზეც არის ქართველი ხალხი. ეს არის ანტიეროვნული გადაცემები.”
”მინდა ასევე ვთქვა, რომ ამ გადაცემაში შეეხო ერთ-ერთი მათგანი [გადაცემის სტუმარი] რუსეთის ეკლესიას, რომ რუსეთის ეკლესია თითქოს მუდამ იყო ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი და დღესაც ასეა. ესე იგი გამოდის რომ გვინდა, რომ ჩატეხონ ის ხიდი, რომელიც არის ეკლესიებს შორის, ჩვენსა და რუსეთის ეკლესიას შორის. ჩვენ ვინ გვეკითხება იმას რუსეთის ეკლესია გამტარებელია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკის. ჩვენ ჩვენ თავს მოვუაროთ და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ,” – განაცხადა ილია მეორემ.
ის ასევე შეეხო გიგა ზედანიას მიერ გადაცემაში მოყვანილ კარლ მარქსის გამონათქვამს ”რელიგია ხალხის ოპიუმია” და თქვა: ”რაღა დროს მარქსია, რაღა დროს მისი ციტირებაა.”
პატრიარქის თქმით, თუ რამდენი მღვდელთმთავარი იქნება სინოდში და რამდენი ეპარქია ჩამოყალიბდება ”ეს სინოდის და პატრიარქის გადასაწყვეტია და არა მათი.”
”სინოდი და ეკლესია დღეს ძლიერია და ვერავითარი მტერი ვერ დაშლის მას, ვერ დაყოფს მას. ჩვენთან ერთსულოვნებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი აზრი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე გამოითქმება სხვა აზრებიც,” – განაცხადა მან.
ილია მეორემ პირადად ბექა მინდიაშვილზეც ისაუბრა და თქვა: ”მე ძალიან ვწუხვარ, რომ ბექა მინდიაშვილი არის მღვდლის ძმისშვილი, მამა არჩილის ძმისშვილი. მამა არჩილიც და მისი ძმაც დიდი ადამიანები არიან და ძმისშვილი გამოვიდა – მე არ ვიცი ათეისტია თუ ათეისტზე უარესია.”
”ბექა მინდიაშვილი თითქოს სწავლობდა სემინარიაში. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როცა მე ვიყავი სტუდენტი, ჩემს დროსაც იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად მოგზავნილები იყვნენ სემინარიაში, რომ მერე გამოეცხადებინათ, რომ ისინი ათეისტები არიან,” – აღნიშნა პატრიარქმა.
იმავე ქადაგებაში ილია მეორემ ასევე განაცხადა: ”მე არ შევდივარ კამათში და არც შევალ კამათში მათთან. მაგრამ მინდა გავაფრთხილო, მამაშვილურად მინდა გავაფრთხილო, რომ ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს და მერე ნუ იტყვიან, თუ რატომ გვსჯის ღმერთიო.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)