ახალი ამბები

ბრიტანეთი, გერმანია და შვედეთი საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენისკენ მოუწოდებენ

1 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტზე გამოსვლისას ბრიტანეთის ვიცე–პრემიერმა, გერმანიის კანცლერმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენისკენ მოუწოდეს. მისია 18 თვის წინ დაიხურა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი მანდატის გაგრძელება დაბლოკა.

ანალოგიური მოწოდება ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით სამიტზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც გააკეთა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ეუთოს ყოფნას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბრიტანეთის ვიცე–პრემიერმა ნიკ კლეგმა განაცხადა სამიტზე გამოსვლისას, რომ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა "გადაუდებელ საქმეს“ წარმოადგენს.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა "უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან“.

"გაერთიანებული სამეფო, როგორც აქ წარმოდგენილი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა, ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირობა ძალის არგამოყენების თაობაზე მოწონებულია.

"იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წაახალისებს ყველა მხარეს მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების გზა აირჩიონ,“ – განაცხადა ბრიტანეთის ვიცე–პრემიერმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა სამიტზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ძალისხმევას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების და "ადგილზე, მთელ საქართველოში, ეუთოს წარმომადგენლობის აზრიანი“ აღდგენის გზით. იგი ასევე მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის "საჯარო პირობას,“ რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button