ახალი ამბები

‘შეაჩერეთ სახელისუფლებო აგრესია ქართული ბიზნესის წინააღმდეგ’ – მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს

ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ 30 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა, სადაც მას სთხოვს წერტილი დაესვას მცირე და საშუალო ბიზნესის შევიწროვებას სახელმწიფოს მხრიდან. 

“მთავრობის ძალადობრივმა პოლიტიკამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი პარტნიორი – ბიზნესი, გადააქცია ყველაზე დიდ მტრად, რომლის, ლამის ერთადერთ ამოცანას ადმინისტრაციული ორგანოების მარწუხებიდან თავის დაღწევა და უბრალოდ გადარჩენა წარმოადგენს,“– განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მისი პარტიის წერილობით მიმართვაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ "დაშინებული ბიზნესმენები აკონსერვებენ თავიანთ საწარმოებს და გარბიან საქართველოდან".

“მოგიწოდებთ ადეკვატურად შეაფასოთ არსებული საფრთხე და  ყველაფერი გააკეთოთ, რათა წერტილი დაესვას მეწარმეთა დევნას და ბიუჯეტის შევსებას დაჭერილ ბიზნესმენებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით,“– აღნიშნა მან.

ქრისტიან–დემოკრატების განცხადებით, "ქვეყანა უახლოვდება სოციალური კატასტროფის ყველაზე მძიმე ნიშნულს“, რაც საჭიროებს გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, "რომელთა შესახებაც ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ კონკრეტული წინადადებები“.

“თქვენ – საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოთ მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეაჩეროთ სახელისუფლებო აგრესია ქართული ბიზნესის წინააღმდეგ,“– მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button