skip to content
ახალი ამბები

თბილისი მიესალმება ტერმინის “ოკუპირებული“ გამოყენებას ევროკავშირის განცხადებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ნოემბერს მიესალმა ევროპის საბჭოში, ევროკავშირის დიპლომატების მიერ მიღებულ განცხადებაში ტერმინის "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“ გამოყენებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი განცხადება, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი არ იყო, ევროკავშირის დიპლომატებმა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენების საპასუხოდ გააკეთეს. ტორბიორნ იაგლანდის მეორე კონსოლიდირებული მოხსენება საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით 23 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე იქნა განხილული.

კომიტეტის ფარგლებში მიღებულ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში, მათ შორის მის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული სიტუაცია ევროკავშირის შეშფოთების საგნად რჩება“; განცხადების თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მეტ აქტივობას ადგილზე და "მოუწოდებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გააძლიეროს კონტაქტები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, განსაკუთრებით იმისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი შესვლა“. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის აღნიშნულ განცხადებას და მიაჩნია, რომ ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ გადადგა იმისკენ, რომ აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ნოემბრის განცხადებაში. 

"სამართლებრივი კუთხით ვითარების სწორად შეფასება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციამ კარგად გააცნობიეროს, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოყვება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button