
სააკაშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა
პრეზიდენტი სააკაშვილი 23 ნოემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვა.
მისი გამოსვლა, თბილისის დროით 15:00 საათზე იგეგმება.
ევროპარლამენტში გამოსვლამდე, Le Figaro–სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს რუსეთს უპირობო დიალოგისკენ მოუწოდოს. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის გამოსვლაში ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღების ინიციატივას წამოაყენებს. მისი თქმით, ასეთი ცალმხრივი ვალდებულება ქვეყნისგან, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, "სადავო“ ნაბიჯია მაშინ, როცა ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას მისი სუვერენიტეტი, მათ შორის სამხედრო გზითაც. "მაგრამ მე ამას სხვაგვარად ვუყურებ,“– აღნიშნა მან.
სააკაშვილმა განაცხადა 19 ნოემბერს, რომ იგი ევროკავშირის არა წევრი სახელმწიფოებიდან ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც პატივი ერგო უკვე მეორედ გამოვიდეს სიტყვით ევროპარლამენტში. პირველად მან ევროპარლამენტარებს 2006 წლის ნოემბერში მიმართა.
მისი თქმით, ეს ხდება არა პირადად მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო, არამედ საქართველოსადმი ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერის გამო.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, საქართველოს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპარლამენტთან მიმართებაში არის რეზოლუციის მიღება, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "ოკუპირებულ ტერიტორიებად“ იქნებიან მოხსენებულები.
2010 წლის მაისში ევროპარლამენტი განიხილავდა სამხრეთ კავკასიის შესახებ თავის რეზოლუციაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენების საკითხს, თუმცა ეს ტერმინი ამოღებულ იქნა რეზოლუციის პროექტიდან და 20 მაისს მიღებულ რეზოლუციის საბოლოო ტექსტი აღარ შეიცავს მას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)