skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი “ყველაზე ნაყოფიერ საერთაშორისო კვირაზე” საუბრობს

პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, რიგი მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული მიმდინარე კვირა ყველაზე "ნაყოფიერი“ დიპლომატიური პერიოდი იყო საქართველოსთვის.

ლისაბონის ნატოს სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ, მისი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრამ, მოლაპარაკებებმა ამერიკელ კოლეგასთან და ევროპარლამენტში 23 ნოემბერს დაგეგმილმა მისი სიტყვით გამოსვლამ აჩვენა საქართველოს "გარიყვის“ და "გვერდზე გაწევის“ მიზნით რუსეთის წარუმატებელი მცდელობები.  

“მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში  – იმიტომ, რომ მრავალი წელია უკვე რაც ამ თანამდებობაზე ვიმყოფები –ასეთი ნაყოფიერი საერთაშორისო კვირა ნამდვილად არც მახსენდება და არც მქონია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მცდელობა და ამ მცდელობაში ჩაიყარა უამრავი ფული, ათასგვარი ღია და ფარული რესურსი, რომ მომხდარიყო საქართველოს რაღაც სახით გარიყვა, რაღაც სახით დასუსტება – ნუ ახლა იზოლაციაზე იმათ ილუზიები არ ქონდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გვერდზე გაწევა, პირიქით შემოუბრუნდათ ამ ინიციატივების ავტორებს,“– განაცხადა სააკაშვილმა.

“ეს ზუსტად იმას მეუბნება, რომ ყველას ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საბოლოო ჯამში, სიმართლე გაიმარჯვებს და სიკეთე აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას. რა თქმა უნდა, გვინდა მოთმინება“.

“21–ე საუკუნეში ვერავინ ვერ შეძლებს ოკუპანტთა სახელის დიდხანს ტარებას ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ოკუპანტის სტატუსი უკვე დამკვიდრდა, საქართველოსადმი მხარდაჭერა მხოლოდ გაძლიერდა. ახლა ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ჩვენ გვჭირდება ერთობა – და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხალხს აქვს დღეს სერიოზული ერთიანობა, ჩვენ გვჭირდება მუხლჩაუხრელი  მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო გავაძლიეროთ და გავიყვანოთ სამშვიდობოზე,“– განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც ნახსენები იყო "ოკუპაცია“ და "ეთნიკური წმენდა“, არ არის "რიგითი მოვლენა“. "ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური ბრძოლის შედეგი,“– ხაზი გაუსვა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არის ევროკავშირის არა წევრი ქვეყნის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც უკვე მეორედ ერგო პატივი მიმართოს ევროპის პარლამენტს. პირველად ევროპარლამენტში სიტყვით სააკაშვილი 2006 წლის ნოემბერში გამოვიდა.  მისი თქმით ეს ხდება არა პირადად მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო, არამედ საქართველოსადმი ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button