ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 16 ნოემბერს ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა.
ბრონისლავ კომოროვსკიმ საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა, განსაკუთრებით ნატოს ლისაბონის მოახლოებული სამიტის კონტექსტში და დაარწმუნა, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
“პრეზიდენტი იყო აბსოლუტურად მკაფიო, რომ პოლონეთი ყველა შესაძლო დონეზე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა საკითხში – იქნება ეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება, თუ ყველა სხვა შესაბამისი თემა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტმა უკვე გააკეთა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადება, ის გეგმავს შესაბამისი განცხადებების გაკეთებას ლისაბონშიც ნატოს სამიტზე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, ქართულ–პოლონური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და "პოლონეთი დარჩება საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად“.
დავით ბაქრაძე, რომელიც ვარშავას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში სტუმრობს, ასევე შეხვდა პოლონეთის სენატის თავმჯდომარეს ბოგდან ბორუსევიჩს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)