
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7.5%-მდე გაზრდის თაობაზე ინფლაციის არსებული დინამიკის ფონზე, რომელიც სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%–მდე გაიზარდა.
27 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა "ძირითადად ეგზოგენური ფაქტორების გავლენის შედეგია“.
"ამდენად, მიმდინარე ეტაპზე ინფლაციის მოლოდინის შესასუსტებლად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე, 6 პროცენტამდე, შესამცირებლად არსებობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%–დან 7%–მდე გაზარდა. განაკვეთი 2009 წლის ნოემბრის ბოლოდან 5%–ის ნიშნულზე იყო შენარჩუნებული და ივნისში 6.25%–მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში – 6.5%–მდე.