ახალი ამბები

ვაშაძე ევროპელ კოლეგებს შეხვდა

  • ვაშაძე: "მოლაპარაკებები რუსეთთან გარდაუვალია, თუმცა რთული სათქმელია როდის გაიმართება“.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 25 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში თავის ჩეხ, ბულგარელ, ესტონელ, ლიტველ და უნგრელ კოლეგებს, ასევე რუმინეთის, ლატვიის, პოლონეთის, დანიის, შვედეთის და ფინეთის დიპლომატებს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის ფორმატით გაიმართა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას უსწრებდა წინ. სხვა საკითხებთან ერთად სხდომის დღის წესრიგი, რომელიც ლუქსემბურგში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, კეტრინ ეშტონის თავმჯდომარეობით გაიმართება, საქართველოში არსებულ ვითარებასაც მოიცავს. 

ეშტონის ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ის საგარეო საქმეთა საბჭოს წევრებს სადილის დროს საქართველოს შესახებ ინფორმაციას გააცნობს, მათ შორის მისი საქართველოში უკანასკნელი ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც დაიწყო ევროკავშირი–საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები.

“მინისტრები განიხილავენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, მის ურთიერთობებს მეზობლებთან და ასევე ევროკავშირთან,“– ნათქვამია პრესრელიზში.

რუსულ გაზეთ "ვრემია ნოვოსტეი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ "არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია“, რომ საქართველო რუსეთთან ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე ექსპორტის განახლებაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

"მოლაპარაკებები გაიმართება რუსული ძალების საქართველოდან გაყვანის შესახებ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ასევე დევნილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში]. სწორედ ამ ფუნდამენტზე შეიძლება დარეგულირდეს ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ამ მოლაპარაკებებზე რუსეთის ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული,“ – განაცხადა ვაშაძემ. 

"რუსეთთან მოლაპარაკებები გარდაუვალია; ისინი აუცილებლად გაიმართება, მაგრამ რთულია იმის თქმა, როდის,“ – დასძინა მან.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისი ამ საკითხზე ბევრს არ ფიქრობს. "მოსკოვმა თავად იფიქროს ამ საკითხზე. ვმო–ს მკაფიო წესები და პროცედურები აქვს; რუსეთი მათ არღვევს თავისი საქციელით საქართველოსთან საზღვარზე,“ – განაცხადა მან.    

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button