skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყებაში ირანის ელჩთან შეხვედრა შედგა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს 19 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა და ირანის ელჩმა საქართველოში მაჯიდ სამადზადე საბერმა.

“მხარეებმა აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,“– ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.

საქართველოს მთავრობის ყოველკვირეულ, ინგლისურენოვან ელექტრონულ გამოცემაში მითითებულია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი 3-4 ნოემბერს იგეგმება. თუმცა, 18 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ვიზიტის თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.

"თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე დაიგეგმა ეს ვიზიტი, თუმცა რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო გადაიდო,“ – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავის ირანელ კოლეგას სექტემბერში ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.  

This post is also available in: Русский

Back to top button