skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმა რუსი ჯარისკაცების გასვლას პერევიდან

ევროკომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი მიესალმა სოფელ პერევიდან რუსული საგუშაგოს გატანას და ამ ფაქტს ადგილზე მომხდარი "დადებითი მოვლენა“ უწოდა.

"მოუთმენლად ველი შემდგომ წინსვლას, რათა სრულად განხორციელდეს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, რაც 2008 წლის 8 სექტემბრითაა დათარიღებული,“ – აღნიშნა ეშტონმა 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი თქმით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კავშირი აქვს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებებთან, რათა "გაყვანა ორგანიზებულად და მშვიდობიანად განხორციელდეს“.

"მოვუწოდებ ყველა მხარეს რეალური მცდელობები განახორციელონ ადგილზე შემდგომი ნორმალიზაციის მიზნით და განაგრძონ დიალოგი, რომელიც ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს კონფლიქტის შედეგების, მათ შორის ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად,“ – განაცხადა ეშტონმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button