
ყოფილი დეპუტატი დააკავეს
პარლამენტის ყოფილი წევრი, ედვარდ სურმანიძე და კიდევ ორი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა გერმანელი ინვესტორის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებების გამო.
კერძოდ, 16 ოქტომბერს შსს იტყობინება, რომ დაკავებულებმა "საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ინვესტორს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას". დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ედვარდ სურმანიძე ბოლო პერიოდში პოლიტიკაში აქტიურად აღარ იყო ჩართული. ბოლოს ის, 2008 წელს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო, თუმცა, როგორც პარტიაში აცხადებენ, ის ამჟამად პარტიის რიგებში აღარ ირიცხება.
1995–2008 წლებში, სურმანიძე სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ეკავა ვიცე–სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები. 2004 წლიდან, დეპუტატობის პარალელურად, მას ასევე ერთი წლის განმავლობაში ეკავა ქალაქ ბათუმის მერის თანამდებობა. სურმანიძე დეპუტატი თავდაპირველად აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია აღორძინების სიით გახდა, შემდგომ მან ედუარდ შევარდნაძის პარტია მოქალაქეთა კავშირში, ხოლო მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების პარტიულ ბლოკში გადაინაცვლა.