
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი 14–15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"შეხვედრებზე განიხილება საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები,“ – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
საქართველოს ელჩის თანამდებობა ბაქოში 2010 წლის იანვრიდან ვაკანტური რჩება და მწირია ინფორმაცია ამის მიზეზების თაობაზე.
პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ივანე ნონიაშვილი ელჩის თანამდებობაზე 2009 წლის ნოემბერში დაინიშნა. თუმცა, მოულოდნელად, 2010 წლის იანვარში მან თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზებზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია.
2010 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ელჩის თანამდებობაზე მმართველი პარტიის დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძე დაამტკიცა. თუმცა, მას ელჩის თანამდებობაზე მუშაობა არ დაუწყია. ქართული და აზერბაიჯანული მედია იტყობინებოდა, რომ ბაქომ აგრემანი არ მისცა ახალ ელჩს.
როდესაც ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, მან განაცხადა Azeri-Press Agency-სთან ინტერვიუში სექტემბრის დასაწყისში, რომ "არ არის საჭირო რაღაც ვეძებოთ“ ამ საკითხში, "ყველაფერი კარგადაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ თავად საქართველოს პარლამენტს არ სურდა, რომ ქავთარაძეს საკანონმდებლო ორგანო დაეტოვებინა; თუმცა იმავე ინტერვიუში ვაშაძემ განაცხადა, რომ ქავთარაძე "სავარაუდოდ სხვა სამსახურს დაიწყებს“.
This post is also available in: Русский