
სააკაშვილი: საქართველოს 7–10%–იანი ეკონომიკური ზრდა ჭირდება
საქართველოს 7–10%–იანი წლიური ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება იმისათვის, რომ სწრაფად განვითარდეს, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს 3 სექტემბერს ღია ცის ქვეშ ანაკლიაში გამართული შეხვედრისას.
“5–6%–იანი ზრდა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს წინ,“– განაცხადა მან.
პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა აგვისტოში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, 5,5–6%–ით გაიზარდა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სახელმწიფო ხარჯების წილი არსებული 35%–დან 30%–მდე უნდა შემცირდეს და კვლავ მოუწოდა მთავრობას "ქამრების შემოჭერისკენ“.
მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი უნდა გაეზარდოთ, „მაგრამ აუცილებელი არ არის, მაგალითად, მინისტრისთვის, რომ იფრინოს ბიზნეს–კლასის თვითმფრინავში. ყველამ იფრინოს ეკონომ-კლასით. არაა აუცილებელი, რომ უამრავი მანქანა იყიდოს, ეს ეხება პარლამენტსაც, უზენაეს სასამართლოსაც – გარდა წარმომადგენლობითი ოპერატიული მიზნებისა, 15 000 ევროზე მეტი ღირებულების სახელმწიფო აპარატმა არ უნდა შეიძინოს“.
This post is also available in: Русский (რუსული)